მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

„ბავშვებს ფეხბურთელობაზე მეტად სინერობა სურთ“ - ალეგრიმ პრობლემებზე ისაუბრა

იტალიურ ფეხბურთს რომ საკმაოდ მძიმე დროება უდგას, ამას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან ტურინის „იუვენტუსი“ – „გალათასარაიმ“, მილანის „ინტერი“ კი „ბოდო გლიმტმა“ გამოთიშა. მერვედფინალში სერია A-ს „ატალანტას“ სახით ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა, რომელიც „ბაიერნთან“ უშანსოდ დამარცხდა და ახლა ლიგა კალჩოური გუნდების გარეშე გრძელდება. რამ განაპირობა მისი თანამემამულეების ასეთი ფიასკო, ამის თაობაზე „მილანის“ დამრიგებელს მასიმილიანო ალეგრის ჰკითხეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„უბრალოდ ვილაპარაკებ და არაფრის ახსნა-განმარტებას არ გავაკეთებ, რადგან სიმართლე თავიდან ბოლომდე ვიცი. ჩვენი განსაკუთრებული ხელწერა ყოველთვის გვქონდა და ახლაც გვაქვს. ამიტომაც არ არის საჭირო სხვა საფეხბურთო კულტურის აქ ინტეგრაცია, რადგან ამით იტალიურ ფეხბურთს ვამცირებთ და სხვას არაფერს ვაკეთებთ.

როდესაც ამბობენ, რომ კალჩო სტაგნაციას განიცდის და სერია A-ს მატჩებში სივრცეები ნაკლებია, გთავაზობთ ამ ყველაფერს პოზიტიური კუთხით შევხედოთ და სკეპტიკოსებს ვუთხრათ, რომ სამაგიეროდ, ჩვენთან ბურთის გატანა ყველაზე რთულია. ზედმეტი ლაყბობის ნაცვლად, საჭიროა საფეხბურთო აკადემიები წესრიგში მოვიყვანოთ, რადგან იქ ისეთები ხდება, შეშფოთებულებული უნდა ვიყოთ. იცით, რამდენი ბავშვი ანებებს ფეხბურთს თავს და ჩოგბურთზე ვარჯიშს იწყებს, რადგან მათ უმრავლესობას სინერობა უნდა, ჩვენ სპორტში კი მისაბაძი მაგალითი აღარავინ დარჩათ“.

ცნობისათვის, მასიმილიანო ალეგრის მომზადებული „მილანი“ იტალიის წლევანდელ ჩემპიონატში 29 ტურში დაგროვებული 60 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ თანაქალაქელ „ინტერს“ 8 ქულით ჩამორჩება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მზადება მუნდიალზე დაბრუნებისთვის - იტალიის შემადგენლობა ცნობილია
მზადება მუნდიალზე დაბრუნებისთვის - იტალიის შემადგენლობა ცნობილია