მშობლიურ კლუბში დაბრუნდა | ზარია დინამო თბილისს გააძლიერებს
დინამო თბილისში გიორგი ზარია დაბრუნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის შემტევმა გასული წლის ბოლოს ყაზახური კაირატი დატოვა და 2026 წლის სეზონში მშობლიურ კლუბში ითამაშებს.
ზარია დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, 2016-20 წლებში პირველ გუნდში 76 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. 2021-23 წლებში დინამო ბათუმის ღირსებას იცავდა, 105 მატჩში მის აქტივში 15 გოლი და 9 საგოლე პასია. პირველად ეროვნულ ნაკრებში სწორედ აჭარული კლუბიდან მიიწვიეს და ესპანეთთან სადებიუტო მატჩში სასტარტო 11-ში ითამაშა.
2024 წლის დასაწყისიდან გასული წლის ბოლომდე ყაზახურ კაირატში თამაშობდა, ყაზახეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა და გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშა, რაც მისი საკლუბო კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდია.
ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, ესპანეთთან (2021 წელს) და სომხეთთან (2025 წელს).