ინგლისელების უარი კუთხურის ახალ წესზე - ჩემპიონთა ლიგაზე მისი დაცვა მაინც მოუწევთ
ინგლისის პრემიერლიგაში არ სურთ, რომ VAR-მა დანიშნული კუთხურები შეამოწმოს.
გასულ კვირას ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) VAR-ის უფლებამოსილების გაფართოებას მხარი დაუჭირა: ამიერიდან ვიდეორეფერი შეძლებს ჩაერიოს მეორე ყვითელი ბარათების ჩვენებისა და კუთხურების დანიშვნის ეპიზოდებში. ასევე, VAR-ის მსაჯებს შეეძლებათ გადახედონ შეცდომით ნაჩვენებ ყვითელ ან წითელ ბარათებს იმ შემთხვევაში, როდესაც მოედანზე მყოფ არბიტრს ფეხბურთელები აერია. ცვლილებები ძალაში 2026/27 წლების სეზონიდან შევა.
The Times-ის ინფორმაციით, პრემიერლიგაში არ სურთ იმ შესწორებების მიღება, რომლებიც VAR-ის კუთხურების ეპიზოდებში ჩარევას ეხება. ლიგებს მიეცემათ არჩევანის თავისუფლება, შემოიღონ თუ არა აღნიშნული წესი.
აღინიშნება, რომ უეფაშიც ფრთხილად ეკიდებიან ამ სიახლეს, თუმცა, სავარაუდოდ, მას ჩემპიონთა ლიგაზე მაინც დაამკვიდრებენ – იგივეს აპირებს ფიფაც მსოფლიო ჩემპიონატზე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერლიგის კლუბები უკმაყოფილონი არიან დროის გაჭიანურებასთან დაკავშირებული ახალი წესით: ამიერიდან, ტრავმირებული მოთამაშეები, რომლებიც მოედანს ტოვებენ, მინდორს მიღმა ერთ წუთამდე უნდა დარჩნენ და თამაშში დაბრუნებას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.