განვითარების ახალი სტრატეგია - არჩევნები მშვილდოსნობის ფედერაციაში
საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციაში საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ჩატარდა. ღონისძიების დასაწყისში ფედერაციის პრეზიდენტმა სიმონ ნოზაძემ დელეგატებს გასული ოთხი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც მთავარი საკითხი დადგა დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, ახალი ხელმძღვანელი მაინც ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
ხმის მიცემის უფლების მქონე 18 სუბიექტიდან მოქმედ პრეზიდენტს სიმონ ნოზაძეს მხარი ჩვიდმეტმა დაუჭირა და მისი უფლებამოსილება კიდევ ერთი ვადით გახანგრძლივდა. ვიცე-პრეზიდენტების პოსტები შეინარჩუნეს ხათუნა ნარიმანიძემ და მამუკა ნავერიანმა, ხოლო გენერალურ მდივნად ბესიკ ობოლაძე დაამტკიცეს. ხელმძღვანელი პირების გარდა, გამგეობის წევრებად გიორგი გორდეზიანი, იამზე ტალახაძე, ბექა გუგეშაშვილი, არტემ სანიშვილი და თამაზ ფუტკარაძე შეიყვანეს.
ცნობისათვის, სიმონ ნოზაძემ დელეგატებს წარუდგინა მშვილდოსნობის განვითარების ახალი შვიდწლიანი გეგმა, რომელიც 2032 წლამდე ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გულისხმობს.