ევროპის ვიცე-ჩემპიონები - ქალთა ნაკრების წარმატება მშვილდოსნობაში
საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე სამხრეთ კორეელი სპეციალისტის, ჰიუნგ-სეუნგ ანის დანიშვნამ შედეგი და სათანადო ეფექტი უმოკლეს დროში მოიტანა. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ქალთა ეროვნული გუნდი ვერცხლის პრიზიორი გახდა, რაც მართლაც უდიდესი წარმატებაა.
18-მეტრიდან სროლაში ფინალისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც სამი მშვილდოსანი, გვანცა არჩვაძე, ციკო ფუტკარაძე და სალომე ხარშილაძე ასპარეზობდა, მასპინძელი ბულგარეთისა და იტალიის უძლიერესი გუნდები დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი მოლდოველებთან თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში 4:5 წააგო.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე 16-დან 21 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა, სადაც 31 ქვეყნის მშვილდოსნები მონაწილეობდნენ.