Aa
Aa

დამაჯერებლად და ლამაზად - საქართველოს ნაკრებმა ესტონეთიც დაამარცხა!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "მიხეილ მესხზე" ლიტვის ნაკრების ძლევის შემდეგ ესტონეთს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ზედიზედ მეორე გამარჯვება და კვლავ გაშვებული გოლის გარეშე.

ვლადიმერ ვაისის გუნდი დღევანდელ შეხვედრაშიც პირველივე წუთებიდანვე დომინირებდა.

ბურთის ფლობა, აქტიური პრესინგი და გააზრებული შეტევები - საქართველოს ნაკრები ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა. კუთხურის მოწოდების შემდეგ საჯარიმოში გიორგი პაპუნაშვილმა იაქტიურა, რომლის მოგებული ბურთი ჯიმი ტაბიძემ მკერდით მიიღო და ანგარიში გახსნა - 1:0.

აღსანიშნავია, რომ ტაბიძემ ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

ის, რაც 35-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გააკეთა, ამაზე ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს. "სან ხოსეს" ლეგიონერმა საჯარიმოს მისადგომებთან მეტოქე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და გარე ტერფით ბურთი ცხრიანშვი ჩასვა. ეს იყო საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი.

ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ნახევარი ესტონელებმა ცვლილებებით დაიწყეს და საწყის 15 წუთში მომენტებიც შექმნეს, თუმცა გატანა ვერ მოახერხეს.

ამის შემდეგ თამაში კვლავ საქართველოს ნაკრების კონტროლით მიმდინარეობდა.

ბრწყინვალე იყო ნიკა კვეკვესკირის გადაცემები, რომელიც გუნდს მოედნის ცენტრიდან დირიჟორობდა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიკა კაჭარავამ რამდენიმე საკმაოდ რეალური მომენტი გაუშვა ხელიდან.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრაც მშრალად მოიგო და გულშემატკივრებს ბრწყინვალე სანაკრებო პაუზა აჩუქა.

ნაკრები სწორი მიმართულებით ნვითარდება და პროგრესიც სახეზეა.

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ფეხბურთელებს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. შესაბამისი ფიზმომზადების არქონის შემთხვევაში წარმატებაზე ფიქრი უბრალოდ შეუძლებელია.

სასიამოვნო სანახავი იყო მატჩის ბოლო წუთები. კონტრშეტევაზე ენერგიულად და ლამაზად მოთამაშე საქართველოს ნაკრები - რთული გასახსენებელია, თუ როდის ვნახეთ ასეთი რამ.

იმედი ვიქონიოთ, რომ პროგრესი გაგრძელდება და ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის, კვლავ ასე ლამაზად მოთამაშე გუნდს ვიხილავთ.

გამოყენებულია Georgian Football Federation-ის ფოტომასალა.

 

მსგავსი სიახლეები