დაბრუნდა და დუბლი შეასრულა | კიტეიშვილის ყველაზე შედეგიანი სეზონი კარიერაში
ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში ვოლფსბერგერისა და შტურმის მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. 67-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, მოედანზე ოთარ კიტეიშვილი გამოვიდა. ქართველმა ნახევარმცველმა ხუთწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და გუნდი მარცხისგან იხსნა. კიტეიშვილმა ორი პენალტი შეასრულა, პირველი დარტყმა ზუსტი იყო, მეორე შემთხვევაში კი მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და გაიტანა.
ოთარ კიტეიშვილს მცირე ტრავმა აწუხებდა, რის გამოც ერთი მატჩი გამოტოვა, თუმცა მოედანზე დაბრუნებისთანავე ორი გოლის გატანა შეძლო. ამჟამად იგი ავსტრიის ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას ელიას ჰაველთან ერთად 10-10 გოლით ლიდერობს. ქართველ ფეხბურთელს კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ეძლევა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე 18 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე პასია. ჯამში კი, ყველა საკლუბო ტურნირის გათვალისწინებით, მან 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 14 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში 21 ტურის შემდეგ ზალცბურგი 37 ქულით პირველზეა, შტურმი 35 ქულით - მეორეზე. შტურმი მომდევნო ტურში, 8 მარტს მე-7 ადგილზე მყოფ ალტახს მიიღებს.