„მსოფლიომ ვარსკვლავი იხილა“ | იტალიაში კვარას სადებიუტო მატჩი გაიხსენეს
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება. „ჯალობლუსთან“ მატჩამდე ნეაპოლურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელია გაიხსენეს. ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში სადებიუტო შეხვედრა სწორედ „ვერონას“ სტადიონზე გამართა და გოლიც გაიტანა.
„ხვალ ნაპოლი ვერონას დაუპირისპირდება. ეს არის მეტოქე, რომელიც ნეაპოლური ისტორიის გამორჩეულ მომენტებს გვახსენებს: წარუმატებლობებსა და წარმატებებს, მაგრამ, პირველ რიგში, „ბენტეგოდიზე“ ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრა გვახსენდება.
ვერონასთან მატჩი იყო მომენტი, როდესაც იტალიამ და მსოფლიომ აღმოაჩინა ნამდვილი ვარსკვლავის ტალანტი, რომელიც ნაპოლის სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე გაუძღვა და საოცარ ფეხბურთს თამაშობდა. ეს 2022 წლის აგვისტოში მოხდა და პარტენოპეის სურს, არასდროს დაივიწყოს მომენტი, როდესაც ყველამ იხილა, როგორ ბრწყინავდა კვარა“, — წერს Calcionapoli1926.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 107 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 30 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემაა. „პარტენოპეიდან“ ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.