17 ქულა და 5-დან 3 სამქულიანი | მამუკელაშვილის ტორონტოს გამარჯვება
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ მიმდინარე რეგულარულ სეზონში 32-ე გამარჯვება მოიპოვა. „ჩიკაგო ბულსის“ შემდეგ კანადელები საშინაო არენაზე „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად, 122:104 იმარჯვეს.
„მამუ“ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 21 წუთსა და 39 წამში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა.
მამუკელაშვილმა მეტოქის კალათს 67 პროცენტით შეუტია. სანდრომ 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა (9-დან 6 ჩაგდებული ბურთი). „მამუს“ ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. „ტორონტოს“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ სკოტი ბარნსმა (25 ქულა, 14 მოხსნა, 6 ასისტი) და არჯეი ბარეტმა (20 ქულა, 8 მოხსნა) დააგროვეს.
„ტორონტოს“ 32 მოგება და 22 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. „რეპტორსი“ მომდევნო შეხვედრას კვლავ საშინაო არენაზე გამართავს და 12 თებერვალს კონფერენციის ლიდერს, „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდება.