კარგი ამბავი: ზივზივაძემ ვარჯიში განაახლა და თამაშისთვის მზადაა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ჰაიდენჰაიმს დაუბრუნდა, თამაშისთვის მზადაა. როგორც ჰაიდენჰაიმის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 31 წლის ფეხბურთელმა სრული საწვრთნელი კვირა ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი მატჩისთვის მწვრთნელის განკარგულებაში იქნება.
ფრანკ შმიდტი: „ახლა შემადგენლობაში კონკურენციის მხრივ ახალი სიტუაცია შეიქმნა, რამაც შესაძლოა გუნდს ფრთები შეასხას. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ კარგად ვითამაშეთ და შანსები გვქონდა. არა, ჩვენ ეს შანსები უნდა გამოვიყენოთ. ახლა ფეხბურთელების ვალდებულებაა, რომ ფსიქოლოგიური ტვირთი მოიშორონ და ისიამოვნონ იმით, რომ საგოლე მომენტი აქვთ. ეს სიხარული უნდა იყოს და არა სიმძიმე.
ამ კვირაში საწვრთნელ მოედანზე ხალხმრავლობა იყო (ბევრი მოთამაშე დაუბრუნდა ვარჯიშს). აქ საუბარია ადგილებისთვის ბრძოლაზე. იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც ზოგისთვის კარგი იქნება, ზოგისთვის კი — ნაკლებად.“
შმიდტმა ხაზი გაუსვა, რომ ბუდუს და სხვების დაბრუნებით ვარჯიშებზე უფრო მეტი მოთამაშეა, რაც კონკურენციას ზრდის. მისი აზრით, ეს მოთამაშეებს დაეხმარება, რომ მოედანზე მეტი თავდაჯერებულობით გავიდნენ და ის შანსები გამოიყენონ, რასაც აქამდე ვერ იყენებდნენ.
ქართველმა თავდამსხმელმა მუხლის ტრავმის გამო ბოლო ცხრა ტური გამოტოვა. ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის შემადგენლობაში შაბათს, ჰამბურგის წინააღმდეგ გასამართ საშინაო შეხვედრაში დაბრუნდება.
31 წლის ფორვარდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლია, მე-9 ტურში აინტრახტს გაუტანა.
რაც შეეხება მის გუნდს, 18-გუნდიან ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო ადგილზეა. 20-დან 3 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 13 დათმო.