ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

ტურის სიმბოლურ გუნდში მესამედ მოხვდა | იეგოიანის მორიგი აღიარება

ნიდერლანდების ერედივიზიეს 21-ე ტურში ექსელსიორი - აიაქსის მატჩი 2:2 დასრულდა. მიმდინარე სეზონში ექსელსიორმა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი იეგოიანია, აიაქსთან ორ მატჩში 4 ქულა აიღო, ამსტერდამში სენსაციურად გაიმარჯვა.

ESPN-მა იეგოიანი 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აიაქსთან მატჩში სასტარტოში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ამ სეზონში ტურის სიმბოლურ გუნდში მესამედ მოხვდა. პირველად მე-13 ტურში, როცა აიაქსს სტუმრად მოუგეს (Voetbalprimeur-ის ვერსიით), მეორედ მე-17 ტურში, როცა ზვოლესთან გამარჯვების გოლი გაიტანა (Voetbalprimeur-სა და ESPN-ის ვერსიით), მესამედ კი სიმბოლურ გუნდში დღეს შეიყვანეს (ESPN--ის ვერსიით).

„Sterren van Kralingen“ (კრალინგენის ვარსკვლავები) საფეხბურთო კლუბ ექსელსიორის მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. ირაკლიმ ეს პრიზიც მიიღო, როცა მისი გოლით ზვოლე დაამარცხეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. 18 მატჩში (ყველა სასტარტოში) 5 საგოლე მოქმედება დააგროვა, 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მიმდინარე სეზონში მისი სატრანსფერო ღირებულება მილიონ ევრომდე გაიზარდა.

18-გუნდიან ჩემპიონატში ექსელსიორი 23 ქულით მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 6 თებერვალს ბრედას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები