„პრემიერლიგაში ასეთი გუნდი ვერაფერს გახდება“ - კარაგერი სლოტს აკრიტიკებს
„ლივერპულის“ ექსფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ამჟამად Sky Sports-ზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, განაცხადა, რომ თუ „წითლები“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებიან, კლუბის ხელმძღვანელობამ არნე სლოტი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს.
„თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გადიხარ, შარშან კი ინგლისის ჩემპიონი გახდი, პრეტენზიების საფუძველი არ უნდა გქონდეს. თუ პრემიერლიგის გუნდი სუსტია სტანდარტების დროს, ვერ თამაშობს კონტრშეტევებზე და ვერ უგებს დაცვაში „ჩამჯდარ“ გუნდებს - პრემიერლიგაში ასეთი გუნდი ვერაფერს გახდება.
იმის ფონზე, თუ როგორ თამაშობენ ბოლო კვირებში „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“, ნათელია, რომ „ლივერპული“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს - ეს საკმაოდ რეალური სცენარია. როდესაც ასეთი მომენტი დგება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ემუქრება საფრთხე, მწვრთნელის გათავისუფლების საკითხი აუცილებლად უნდა დაისვას.
თუ „ლივერპული“ ჩემპიონი ვერ გახდება ან კონკურენციას ვერ გაუწევს ლიდერებს, ეს კოლექტიური პასუხისმგებლობაა - ყოველ წელს გუნდი პრემიერლიგას ვერ მოიგებს. თუმცა როდესაც მოქმედი ჩემპიონი ხარ, ტრანსფერებზე 450 მილიონ გირვანქას დახარჯავ, პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემადგენლობა გყავს, მწვრთნელის მიმართ სერიოზული კითხვები უნდა გაჩნდეს“.
ცნობისთვის, „ლივერპულს“ პრემიერლიგაში 27 დეკემბრის შემდეგ არ მოუგიათ, ბოლო 5 მატჩში კი 4 ფრე და 1 წაგება აქვს. ამჟამად მერსისაიდული გუნდი 36 ქულით პრემიერლიგის მე-6 ადგილზეა.