კრემონეზემ ლორთქიფანიძე სერია B-ში გაანათხორვა | გარიგების დეტალები
სერია A-ს კრემონეზეს ქართელი ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე იჯარით სეზონის ბოლომდე სერია B-ს კარარეზეში ითამაშებს. კრისტალსპორტის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, საიჯარო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ხვალ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშებს. დაჩის კარარეზეში გადასვლის მიზანი რეგულარული სათამაშო დროა. სეზონის დასრულების შემდეგ კრემონეზეში დაბრუნდება.
კრისტალსპორტმა რამდენიმე დღის წინ გაუწყათ, რომ ლორთქიფანიძემ სააგენტო შეცვალა. მის მომავალზე LP SPORT MANAGEMENT S.R.L. მუშაობს და აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენელი ლევან მჭედლიძეა. აღნიშნული გარიგება მჭედლიძის ჩართულობით განხორციელდა. დაჩისთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამით გახლდათ განპირობებული. მისი ახალი გუნდი საპლეიოფო ზონას 4 ქულით ჩამორჩება.
სეზონის მიმდინარეობისას დაჩის შესახებ არაერთხელ დავწერეთ. მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ვაშუქებთ, რადგან ვთვლით რომ დიდი მომავალი აქვს და ყურადღებას იმსახურებს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „კრემონეზე’’ თავისი აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებს პირველ გუნდში არ აწინაურებს, თუმცა ზაფხულში დაჩი „კრემონეზეს’’ პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა, მთავარი მწვრთნელის დავიდ ნიკოლას დიდი მოწონება დაიმსახურა და სერია A-ს მე-7 ტურში „უდინეზესთან’’ დებიუტი შედგა, მინდორზე ნახევარი საათი გაატარა და მისი თამაში, იტალიური მედიისა თუ ნიკოლას მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა, თუმცა რეგულარული სათამაშო სჭირდება და პრაქტიკის მიზნით კარარეზეში გადასვლა სწორი გადაწყვეტილებაა.
20 წლის ნახევარმცველი „კრემონეზეს’’ აღზრდილია, Transfermarkt-ი 500 000 ევროდ აფასებს, კრემონულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
დაჩის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ამჟამად 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.