„მეოთხე არბიტრმა მითხრა, რომ თამაშგარე არ იყო“ | დე იონგი, ფლიკი და გარსია მსაჯობაზე
ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „სოსიედადს“ დაუპირისპირდა. „ბლაუგრანამ“ 26 ნოემბრის შემდეგ პირველად წააგო და ბასკებმა 2:1 იმარჯვეს. შეხვედრას საკამათო ეპიზოდების გარეშე არ ჩაუვლია და მატჩის შემდეგ „ბარსას“ კაპიტანმა, ფრენკი დე იონგმა, მთავარი მსაჯი ხესუს ხილ მანსანო გააკრიტიკა.
„ეს არბიტრი დაუჯერებლად იმედგამაცრუებელია. მასთან ხმის ამოღებაც არ შეიძლება. არადა გუნდის კაპიტანი ვარ და ამის უფლება მაქვს. ისე გიყურებს, თითქოს შენზე უკეთესია. კომპენსირებული დროის მიმდინარეობისას ვუთხარი, რომ საათისთვის თვალი არ მოეშორებინა, რადგან ყოველი ჯარიმის, აუტის ან კარიდან დარტყმისას, მეტოქის მხრიდან დროის გაყვანა ხდებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მას ვუთხარი: „აუტს ერთი წუთია აწვდიან“, რის შემდეგაც ყვითელი ბარათი მიჩვენა და მხოლოდ 10 წამი დაამატა. სრული სიგიჟეა.“
ამ მომენტში დე იონგთან „ბარსელონას“ წარმომადგენელი მივიდა და უთხრა, მსაჯის კრიტიკა შეეწყვიტა, რის შემდეგაც ნიდერლანდელმა ლამინ იამალის გაუქმებულ გოლზე ისაუბრა: „თამაშგარე რომ მართლა ყოფილიყო, არანაირი პრობლემა არ გვექნებოდა. მეოთხე არბიტრს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა. შარშან აქ რაღაც მსგავსი მოხდა.“
დე იონგის გარდა, ხილ მანსანო ერიკ გარსიამაც გააკრიტიკა: „სურათი, რომელიც გამოიტანეს, რათა თამაშგარე მდგომარეობა ეჩვენებინათ... პფფ... არ მგონია, ამის თავად სჯეროდეთ.“

საინტერესოა, რომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მსაჯობაზე ყურადღება ჰანსი ფლიკმაც გაამახვილა: „ლა ლიგაში კარგი მსაჯები არიან, შემდეგ კი ეს არბიტრი გვყავს... არ მინდა, მასზე ლაპარაკში ენერგია დავხარჯო. მატჩის წინ კომენტარებს ვკითხულობდი და ყველამ იცის, ეს მსაჯი ვინ არის. ყველამ იცის, როგორი არბიტრია და ყველამ ნახა, დღეს რაც გააკეთა. ფრენკიმ თქვა, რომ ქედმაღლურად იქცეოდა და მართალიცაა. ეს ის მსაჯები იყვნენ გასულ სეზონში, იგივე რომ გაგვიკეთეს, ხომ? VAR-ის ოთახში?! ბრავო, კარგად მუშაობენ.“
ცნობისთვის, „სოსიედადთან“ მარცხის შემდეგ „ბლაუგრანას“ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „ბარსელონა“ „რეალს“ ერთი ქულით უსწრებს და მისი მომდევნო მეტოქე „სლავიაა“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდება.