კარის ხაზიდან გამოიტანა - ლოჩოშვილის კარგი მატჩი და ნიურნბერგის მოგება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის“ შემადგენლობაში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-18 ტურში ბავარიელებმა, რომლებიც სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში არიან, ელიტის საგზურისთვის მებრძოლ „ელვერსბერგს“ უმასპინძლეს, მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინეს და მეტოქე 3:2 დაამარცხეს.
სტუმრები ჯერ ტომ ციმერშიდის, შემდეგ კი ჟარზინიო მალანგას გოლებით იგებდნენ, თუმცა წონასწორობა პირველ შემთხვევაში ჯულიან იუსტვანმა, მეორედ კი პიტ სკობელმა აღადგინა. „ელვერსბერგს“ 85-ე წუთზე 11-მეტრიანი დაუდეს, რითაც „ნიურნბერგის“ მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კლოზე იმდენად უკმაყოფილო დარჩა, რომ არბიტრმა ის გააძევა, თუმცა ოტო შტანგემ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ უშეცდომო გახლდათ სკობელი, რომელმაც კომპენსირებულ დროში თავური დარტყმით გამარჯვების გოლი მიითვალა.
რაც შეეხება ლოჩოშვილს, როგორც უკვე მოგახსენეთ, საოცრად საიმედო იყო და ათბალიანი სისტემით 7.9 მეათედი შეფასება მიიღო. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა პასები 93-პროცენტიანი (30-დან 28) სიზუსტით გაანაწილა, ერთი საკვანძო გადაცემა შეასრულა. ორ შემთხვევაში კი განსაკუთრებით კარგად გაისარჯა - 36-ე წუთზე სახიფათო დარტყმა დაბლოკა, 75-ე წუთზე კი მეკარის შეცდომა გამოასწორა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
მომდევნო ტურში ლუკა ლოჩოშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „დარმშტადს“ დაუპირისპირდებიან და შეხვედრა 23 იანვარს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.