„15 შემტევიც რომ მყავდეს...“ - სლოტმა სალაჰის მომავალზე ისაუბრა
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დაბრუნება გუნდისთვის კარგი სიახლეა.
რა თქვა სლოტმა:
„შაბათს სალაჰს ეგვიპტეს ნაკრებში მნიშვნელოვანი თამაში ელოდება, შემდეგ კი კლუბში დაბრუნდება, რაც ძალიან მიხარია. სალაჰი „ლივერპულისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. 15 შემტევიც რომ მყავდეს, სალაჰის დაბრუნება მაინც გამიხარდებოდა“.
სალაჰის ნაკრებში წასვლის შემდეგ „ლივერპულს“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (3 მოგება, 3 ფრე). 17 იანვარს „წითლები“ „ენფილდზე“ „ბარნლის“ უმასპინძლებენ, 21 იანვარს კი ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელის“ წინააღმდეგ გასვლითი მატჩი ელით. სლოტის თქმით, სწორედ „მარსელთან“ მატჩისთვის დაბრუნდება ეგვიპტელი „მერსისაიდელების“ განაცხადში.
პრემიერლიგაში „ლივერპული“ 35 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 12 ქულით მე-9 პოზიციაზეა და დარჩენილ ორ ტურში „მარსელს“ ესტუმრება და „ყარაბაღს“ მიიღებს.
რაც შეეხება სალაჰს, ეგვიპტეს ნაკრები აფრიკის თასის ნახევარფინალში სენეგალთან დამარცხდა, ხვალ კი მესამე ადგილისთვის მატჩში ნიგერიას დაუპირისპირდება.