ნევილი: მომდევნო სეზონზე კერიკის დატოვება არ შეიძლება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ მაიკლ კერიკმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უნდა დაიკავოს.
„იმედი მაქვს, მას ყველაფერი გამოუვა, თუმცა არ უნდა განვიხილოთ ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მაიკლი პოსტზე ამ სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება — ეს თავად მაიკლისთვის და კლუბისთვისაც უკეთესი იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ყველა მატჩს მოიგებს — დიახ, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როცა ის დაუჯერებელ სერიას დადებს, გულშემატკივრები აღფრთოვანებულები იქნებიან, გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ან მეხუთე ადგილზე აღმოჩნდება. წარმატებული სერიის დროს ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია და ამან შეიძლება ყველა გაგვიტაცოს. თუმცა, გულწრფელად მჯერა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სხვა ვარიანტები უნდა ვეძებოთ, როდესაც ხელმისაწვდომი არიან ისეთი მწვრთნელები, როგორებიც პოჩეტინო, ტუხელი და ანჩელოტი გახლავთ“- განაცხადა ნევილმა პოდკასტში Stick to Football.
შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა 5 იანვარს, რუბენ ამორიმი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა, რის შემდეგაც „წითელი ეშმაკები“ დროებით მაიკლ კერიკს ჩააბარეს.
გეტყვით ასევე, რომ კერიკის სამწვრთნელო კარიერა „ოლდ ტრაფორდზე“ 2018 წელს დაიწყო, როცა ის ჟოზე მოურინიოსა და ოლე გუნარ სულშერის შტაბში მუშაობდა. სულშერის გადადგომის შემდეგ მან დროებითი მწვრთნელის როლიც მოირგო, ბოლო ორწელიწადნახევარი კი „მიდლსბროს“ წარმატებით ხელმძღვანელობდა.