ESPN: ფეხბურთელების დიდი ნაწილი ალონსოს დატოვების მომხრე იყო
რეალის ფეხბურთელების უმრავლესობა ჩაბი ალონსოს მხარს უჭერდა და მისი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დატოვების მომხრე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ESPN-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, პრობლემებისა და ზეწოლის ფონზე ალონსომ სიტუაციასთან ადაპტირება და გუნდთან ურთიერთობების გაუმჯობესება სცადა. მაგალითად, ბასკმა მწვრთნელმა შეამსუბუქა ზოგიერთი მოთხოვნა, ფეხბურთელების დასვენების დღეების რაოდენობა გაზარდა და შეეცადა, ახალი მიდგომა ეპოვნა ვინისიუს ჟუნიორის მიმართ, რათა ბრაზილიელს თავი მნიშვნელოვან ფეხბურთელად ეგრძნო.
„ალავესთან“, „ტალავერასთან“ და „სევილიასთან“ მოგებების შემდეგ გუნდის დიდმა ნაწილმა ალონსოს მხარი დაუჭირა - ფეხბურთელები მზად იყვნენ, მისი მართვის სტილის თავისებურებებს შეგუებოდნენ (რაც ადრე არ მოსწონდათ) - კერძოდ, საუბარია ვიდეოანალიზზე.
თუმცა, ESPN-ის ცნობით, ამავე დროს გუნდში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ნოემბერსა და დეკემბერში „რეალის“ მიერ ნაჩვენები შედეგები, „როგორც წესი, მწვრთნელის გათავისუფლებას იწვევს“.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ მარცხის ფონზე მადრიდის „რეალმა“ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჩაბი ალონსო, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასული წლის მაისში დაინიშნა.
სეზონის ბოლომდე „ბლანკოსს“ მეორე გუნდის თავკაცი ალვარო არბელოა უხელმძღვანელებს. პირველ მატჩს არბელოას ხელმძღვანელობით მადრიდელები დღეს გამართავენ - სამეფო თასის მერვედფინალში „ბლანკოსის“ მეტოქე „ალბასეტე“ იქნება.