ჰამბურგი - ლევერკუზენის მატჩი გადაიდო | მიზეზი ცნობილია
გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის მატჩი „ჰამბურგსა“ და „ლევერკუზენს“ შორის ბოლო მომენტში გადაიდო. როგორც „ფარმაცევტების'' ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, „ჰამბურგის“ „ფოლკსპარკშტადიონი“ დეტალური შემოწმების შემდეგ დაიხურა. ამის მიზეზი უამინდობით გამოწვეული სტატიკური რისკებია, რომელიც სტადიონის სახურავის კონსტრუქციას შეექმნა. მატჩი, რომელიც დღეს თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო და მატჩის ჩატარების თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელიც „შახტარის“ საკუთრებაა და „ჰამბურგში“ ერთწლიანი იჯარით გამოდის, მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 13 მატჩი ჩაატარა (აქედან 8 სასტარტო შემადგენლობაში). როცა ქართველი მცველი ჯანმრთელადაა და დისკვალიფიკაცია არ აქვს, ის მოედანზე ყოველთვის გადის. ჩატარებულ 16 ტურში მან მხოლოდ სამი შეხვედრა გამოტოვა (ერთი დისკვალიფიკაციის, ორი კი ტრავმის გამო). ბოლო პერიოდში გოჩოლეიშვილმა სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დაკარგა და მეტწილად ცვლილებაზე ერთვება თამაშში.
ბუნდესლიგაში 16 ტურის შემდეგ „ჰამბურგს“ 16 ქულა აქვს (4 მოგება, 4 ფრე, 8 მარცხი) და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.