„გამოსავალი უნდა ყოფილიყო და უარეს პრობლემად იქცა“ - ოუენმა ტუხელი გააკრიტიკა
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, მაიკლ ოუენმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში ტომას ტუხელის მუშაობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელებს „სამი ლომის“ მთავარ მწვრთნელად ის საერთოდ არ უნდა დაენიშნათ.
რას ამბობს ოუენი:
„ტუხელის შეცვლებმა და ტაქტიკურმა ცვლილებებმა ნეგატივი და ეჭვები გააჩინა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეცვლები, რაც კი ოდესმე მინახავს. ის მოიწვიეს იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეეცვალა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გამოსავალი ყოფილიყო, უარეს პრობლემად იქცა.
ტუხელს შესანიშნავი კარიერა აქვს და მასში ბევრი რამ არის მოსაწონი. მაგრამ ახლა არ არის იმის დრო, რომ ჩავარდე შენი ცხოვრებისა და ინგლისის უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში. დიადი ადამიანები სირთულეებს უმკლავდებიან. ისინი საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებენ მაშინ, როცა მათზე წნეხია.
ტურნირამდე მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება ფარსია. რის საფუძველზე გაკეთდა ეს? იმ გუნდებთან გამარჯვებების ფონზე, რომლებსაც შესარჩევ ტურნირზე ისედაც მოვუგებდით?
ამან ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის პრობლემა შექმნა, რადგან მწვრთნელის მისამართით კრიტიკა უახლოეს მომავალში არსად გაქრება.
ჩემი აზრით, ის საერთოდ არ უნდა დაენიშნათ. ყოველთვის ამ აზრის ვიყავი და მსოფლიო ჩემპიონატმა მხოლოდ განამტკიცა ჩემი რწმენა იმისა, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ინგლისელი უნდა იყოს“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები არგენტინასთან 2:1 დამარცხდა, ეს კი მას შემდეგ მოხდა, როდესაც ტუხელი 1:0 იგებდა, თუმცა მე-80 წუთის შემდეგ მეტოქისგან 2 ბურთი გაუშვა. ამის გამო, „სამი ლომი“ დღეს საფრანგეთის წინააღმდეგ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.