„რეალის შეტევები მას შემდეგ განახლდა, რაც ბარსა სუპერლიგიდან გავიდა - რა დამთხვევაა..."
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, „ნეგრეირას საქმესთან“ დაკავშირებით მადრიდის „რეალის“ პოზიციაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და მის ხელმძღვანელობას, მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის (CTA) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთვის გადახდილი თანხების გამო, ქრთამის მიცემაში სდებენ ბრალს, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და საქმე ერთ ადგილას არის გაყინული.
„რა დამთხვევაა: როგორც კი „ბარსელონამ“ სუპერლიგა დატოვა, „რეალის“ მხრიდან მძაფრი იურიდიული შეტევები მაშინვე განახლდა. ფლორენტინო პერესი „ნეგრეირას საქმის“ პერიოდში ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) მმართველობის წევრი იყო, მაგრამ მაშინ პროტესტი არ გამოუთქვამს. ამას „შანტაჟი“ ჰქვია: სანამ ჩემს მხარეს ხარ, იმას, რაც შენზე ვიცი, არ ვამჟღავნებ, მაგრამ შემიძლია მოგვიანებით მოვყვე.
ეს საქმე სასამართლოში „რეალის“ გამო კი არა, ლა ლიგისა და პროკურატურის ძალისხმევითაა. მოდით, ამ თემას საღეჭი რეზინივით ნუ გავწელავთ და ნუ გავავრცელებთ ჭორებს, რაც ზიანს აყენებს ლა ლიგას, ფედერაციასა და მსაჯებს.
მიუღებელია, როდესაც „რეალის“ გენერალურ ასამბლეაზე ვისმენთ, თითქოს კვირას მათ სასარგებლოდ პენალტი ნეგრეირას გამო არ დანიშნეს. ეს არის ხმაურის შექმნისა და ზიანის მიყენების სტრატეგია, რომელსაც აზრი არ აქვს.
მსაჯების მოსყიდვის მტკიცებულება ნაპოვნი არ არის, თუმცა ვიცე-პრეზიდენტისთვის თანხების გადახდა ძალიან სერიოზული დარღვევაა და ეს სასამართლომ უნდა განიხილოს.
ჩვენ არ დავუშვებთ სტატისტიკის დამახინჯებას. თუ ვინმეს აქვს მსაჯობაზე ჩივილის საფუძველი, ეს არა ორი გრანდი, არამედ დანარჩენი 18 კლუბია. რა თქმა უნდა, გამოსასწორებელი ბევრია, მაგრამ ამჟამად მსაჯობის მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება. სწორ გზაზე ვართ. ნელა, მაგრამ პროგრესს მაინც ვაღწევთ“,
- თქვა ტებასმა.