ირანში სამთავრობო ძალებმა დემონსტრაციის დაშლისას ფეხბურთელი მოკლეს
ირანში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Hengaw-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დაშლისას სამთავრობო ძალებმა 17 წლის ქურთი სტუდენტი და სპორტსმენი, რებინ მორადი მოკლეს.
ორგანიზაციის ცნობით, ახალგაზრდა 8 იანვარს, ხუთშაბათს გამართული დემონსტრაციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. საქმის დეტალებზე ინფორმირებული წყაროები ადასტურებენ, რომ მორადის ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახისთვის ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი. მათ შვილის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ ორშაბათს, 12 იანვარს მიიღეს.
რებინ მორადი წარმოშობით ქირმანშაჰის პროვინციიდან იყო. იგი აქტიურად იყო ჩართული სპორტულ საქმიანობაში და საფეხბურთო კლუბ „საიპას'' ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. გარდა ფეხბურთისა, მას წარმატებები ჰქონდა ცურვასა და ჭიდაობაშიც.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ირანის უსაფრთხოების სამსახურები ოჯახს ცხედრის გადაცემაზე უარს ეუბნებიან. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პრაქტიკა ქვეყანაში ხშირია, რათა დაღუპულთა დაკრძალვის პროცესი ხელახალ საპროტესტო ტალღაში არ გადაიზარდოს. ოფიციალურ თეირანს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.