ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 1/16-ფინალში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „პარიზს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. „კვარა“ აქტიური იყო და შეხვედრის შემდეგ ფრანგულმა გამოცემებმა ის პსჟ-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

L’Equipe (6 ქულა): „თამაშს ტემპს მატებდა და დრიბლინგებისა და შეზღუდულ სივრცეებში კარგად თამაშის უნარის წყალობით პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო. 36-ე და 56-ე წუთებზე მაიულუს და რამუშს კარგი მომენტები შეუქმნა, პირველი ტაიმის ბოლოს კი თავად დაარტყა, მაგრამ მეკარემ აუღო. ფიზიკური თვალსაზრისით, სეზონის შედარებით მოკრძალებული სტარტის შემდეგ, ბევრად უკეთ გამოიყურება.“

Footmercato (6 ქულა): „ეჭვგარეშეა, რომ პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო. ბურთს 73-ჯერ შეეხო და ერთ-ერთი იყო იმ იშვიათთაგან, ვინც პარიზის დაცვას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 22-ე წუთზე კარგად ითამაშა, 36-ე წუთზე მაიულუ დატოვა ხელსაყრელ პოზიციაში, შემდეგ კი პირველი ტაიმის საუკეთესო მომენტი შექმნა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია.“

Le Parisien (5 ქულა): „თანაგუნდელებს რამდენიმე მომენტი შეუქმნა: ბარკოლას (მე-12 და 25-ე წუთებზე), რამუშს (56-ე წუთზე). პირველი ტაიმის ბოლოსკენ თავად დაარტყა და 51-ე წუთზე სახიფათოდ ჩააწოდა. ქართველ ფეხბურთელს შეეძლო, განსხვავება შეექმნა. მან პარიზს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და 65-ე წუთზე მის ნაცვლად უსმან დემბელე შევიდა, რომელსაც გოლის გატანა შეეძლო.“

90Min (6 ქულა): „ბრწყინვალე პირველი ტაიმი ქართველი ფეხბურთელისგან. აჩქარებებით, სოლორეიდებითა და დრიბლინგებით პარიზის დაცვას საფრთხეს უქმნიდა. შეიძლებოდა, საგოლე გადაცემა მიეთვალა, მაიულუს უკეთ რომ ეთამაშა.“

Maxifoot (6 ქულა): „ქართველ ფეხბურთელს დიდი გავლენა ჰქონდა და პარიზის დაცვა ააწიოკა. მობილურობითა და დაუღალავი შრომის წყალობით პარი სენ-ჟერმენის საუკეთესო მომენტების შემქმნელი იყო. ჰქონდა შანსი, საგოლე გადაცემა გაეფორმებინა და ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ თანაგუნდელებმა მომენტები ვერ გამოიყენეს.“

Parisfans (4 ქულა): „მომენტები შექმნა, მაგრამ სიზუსტე აკლდა, რათა შეტევები უკეთ დაეგვირგვინებინა. ქართველი გარემარბისგან მეტს ველოდებით.“

ცნობისთვის, „პარიზთან“ მატჩში Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.2 ქულით შეაფასა. ხვიჩამ კარისკენ სამჯერ დაარტყა, ორჯერ დაუბლოკეს. გააკეთა ოთხი საკვანძო პასი, გადაცემები 83-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა და დრიბლინგის ოთხი მცდელობიდან სამი წარმატებულად დაასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ზურიკო დავითაშვილს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
    ზურიკო დავითაშვილს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა