ლენარტ კარლი
Aa
Aa

არ გვსურს ბიჭების ჩარჩოში მოქცევა | ბალაკი კარლის რეზონანსულ კომენტარზე

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა მიქაელ ბალაკმა, რომელიც ლენარტ კარლის მენეჯერია, გერმანულ DAZN-თან ინტერვიუში კარლის რეზონანსულ კომენტართან დაკავშირებით ისაუბრა, როცა კარლმა მის საოცნებო კლუბად მადრიდის „რეალი'' დაასახელა.

მიქაელ ბალაკი: „უპირველეს ყოვლისა, მას აშკარად აქვს გამორჩეული საფეხბურთო მონაცემები, თუმცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ახლა იწრთობა, სიმწიფის პროცესს გადის, საკუთარი კარიერის დასაწყისშია. როდესაც შენს ოცნებებზე გეკითხებიან, ვფიქრობ სრულიად მისაღებია მათი გამოხატვა. არსებულ კონტექსტში, ეს განცხადება ჩემთვის უწყინარია. ლენარტს „ბაიერნში“ ფანტასტიკური სტარტი ჰქონდა. ეს მისი აბსოლუტური ოცნების კლუბია, ეს მან თავადვე თქვა. როდესაც გასულ ზაფხულს მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და მის აქაურ, მიუნხენურ სპორტულ მომავალზე ვსაუბრობდით, ლენარტმა თქვა: „ეს ჩემი კლუბია, ჩემი ოცნებაა, აქ გავიარე ახალგაზრდული გუნდები და აქ ვიკაფავ გზას“. ჩვენ არ გვსურს ბიჭების ნაადრევად ჩარჩოებში მოქცევა ისეთ საზოგადოებაში, სადაც ისედაც ბევრს გვითითებენ, თუ როგორ უნდა გამოვხატოთ საკუთარი თავი. ჩვენ გვსურს ავთენტურობა, გვსურს მოთამაშეები, რომლებთანაც ხალხი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას შეძლებს“.

შეგახსენებთ, მიუნხენის „ბაიერნის'' ამომავალმა ვარსკვლავმა ლენარტ კარლმა მიმდინარე თვის დასაწყიში ბურგსინის ფანკლუბთან შეხვედრისას, თავისი საოცნებო კლუბი დაასახელა. „იმედი მაქვს, ეს ჩვენს შორის დარჩება,“ — დაიწყო ლენარტ კარლმა ფანკლუბში სტუმრობისას, როდესაც ჰკითხეს, „ბაიერნის'' გარდა ჰყავდა თუ არა საოცნებო კლუბი: „ბაიერნი'' ძალიან დიდი კლუბია. აქ თამაში ოცნებაა, თუმცა, რაღაც მომენტში, აუცილებლად მინდა მადრიდის „რეალში“ გადავიდე. ეს ჩემი საოცნებო კლუბია, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩეს.“ გერმანიის „რეკორდმაისტერის'' გულშემატკივრებს ეს განცხადება ნამდვილად არ ესიამოვნებათ, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ „ბაიერნი“, რა თქმა უნდა, „ძალიან, ძალიან განსაკუთრებულია“ და ამ კლუბში ყოფნა „ძალიან, ძალიან სახალისოა“.

17 წლის კარლი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, ასაკის მიუხედავად „ბაიერნის'' მთავარ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა. 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. შედეგად, მისი სატრანსფერო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. კარლი, რომელსაც Transfermarkt-ი 60 მილიონ ევროდ აფასებს, გერმანიის „რეკორდმაისტერის'' ღირსებას 2022 წლიდან იცავს. მისი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალში თამაში მეც მსურდა | მათეუსმა ლენარტ კარლი დაიცვა
რეალში თამაში მეც მსურდა | მათეუსმა ლენარტ კარლი დაიცვა