ბენფიკას ინტერესი A Bola-მ დაადასტურა | ზურიკო ლისაბონელთა პრიორიტეტი არაა
პორტუგალიურ პრესაში ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ფრანგულმა გამოცემებმა „სენტ-ეტიენის“ გარემარბი ლისაბონის „ბენფიკას“ დაუკავშირეს, ხოლო A Bola-მ დაადასტურა, რომ „არწივების“ ინტერესი რეალურია.
ჟოზე მოურინიო შემადგენლობით უკმაყოფილოა და რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. A Bola-ს ინფორმაციით, დავითაშვილი „ბენფიკას“ სიაში ნამდვილად იმყოფება, თუმცა ლისაბონელებისთვის პრიორიტეტი არ არის და მეორე ვარიანტად განიხილება.
„არწივების“ მთავარი სამიზნე „რიუ ავეს“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ანდრე ლუისია. „ბენფიკა“ პორტუგალიურ კლუბთან დაკავშირებას აპირებს და ოფიციალური წინადადების წარდგენას გეგმავს. „რიუ ავესთან“ მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში, მოურინიოს გუნდი დავითაშვილზე გადაერთვება. ამასთან ერთად, ზურიკოს პარალელურად, მუშავდება „ალ-ნასრის“ ფეხბურთელის, ვესლის ვარიანტიც.
ცნობისთვის, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა. „ბენფიკას“ გარდა, ზურიკოს „ლილს“, „მონაკოს“, „ევერტონსა“ და „ბეშიქთაშსაც“ უკავშირებენ.