რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

რონალდო: “დღევანდელი ფეხბურთი ფლორენტინო პერესის წყალობით არსებობს“

დუბაიში მსოფლიო სპორტული სამიტი იმართება, სადაც, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი რონალდოც იმყოფება, რომელმაც სამიტის პირველი დღე ვრცელი ინტერვიუთი დახურა.

რონალდო:

„ლა ლიგა, ისევე როგორც პრემიერლიგა, ძალიან კარგად ორგანიზებულია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ესპანეთში უნდა შეეჯიბრო კლუბებს, რომლებსაც შენზე სამჯერ ან ათჯერ დიდი ბიუჯეტი აქვთ. ამ მხრივ პრემიერლიგა უფრო სამართლიანია. ჩვენ კრეატიულები ვიყავით — ვპოულობდით კარგ და იაფ ფეხბურთელებს, ასევე იმ მოთამაშეებს, ვინც დაწინაურდნენ. ზედიზედ სამი სეზონი პირველ დივიზიონში დავრჩით. ეს ვალიადოლიდისთვის დიდი მიღწევა იყო.

ფეხბურთი ადამიანებისთვის მხოლოდ გატაცება არ არის — ეს მათი ცხოვრებაა. ვალიადოლიდის მოსახლეობისთვისაც ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მხოლოდ 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გამჭვირვალობა ყოველთვის 100%-იანი იყო. ალბათ ზედმეტი მოლოდინებიც არსებობდა, ჩემი პროფილის გამო. ვფიქრობ, კარგი საქმე გავაკეთეთ და ვალიადოლიდი საერთაშორისო რუკაზე მოვაქციეთ. ბილეთებისა და აბონემენტების ფასები ხელმისაწვდომი დავტოვეთ და სტადიონსაც ახალი სახე მივეცით, რაც ძალიან სჭირდებოდა. გულშემატკივრები საოცრები იყვნენ, განსაკუთრებით COVID-ის რთულ პერიოდში. რვა სეზონიდან ხუთი პრიმერა დივიზიონში გავატარეთ. ბარსელონა რამდენჯერმე დავამარცხეთ, მაგრამ მაინც — ყველაზე რთული ბიუჯეტების განსხვავება იყო. მეორე დივიზიონიდან ამოსულ კლუბს ძალიან უჭირს კონკურენცია ისეთებთან, ვისაც სამჯერ მეტი ფინანსური რესურსი აქვს.“

მსოფლიო სპორტის სამიტზე (World Sport Summit), საუბარი შეეხო მის მადრიდის რეალში გატარებულ პერიოდს:

„უნივერსიტეტში არ მისწავლია, რადგან 17 წლის ასაკში უკვე PSV ეინდჰოვენში ვთამაშობდი. ჩემი MBA — ანუ მაგისტრატურა — იყო თამაში მსოფლიოს გარშემო, პრეზიდენტებთან, მარკეტინგისა და ფინანსების დირექტორებთან ურთიერთობა. რეალ მადრიდში ყოფნა განსაკუთრებული იყო, რადგან პირველად ვნახე პრეზიდენტი, რომელმაც ფეხბურთის სამყარო მთლიანად შეცვალა: ფლორენტინო პერესი — საუკეთესო პრეზიდენტია, ვინც კი ოდესმე გამიცნია.

იცით? ფლორენტინოს 300 მილიონზე მეტი ვალი ჰქონდა. საწვრთნელი ბაზა ამ ფასად გაყიდა და აეროპორტთან ახლოს (ვალდებებასში) ახალი მიწა შეიძინა. შემდეგ კი დიდ ფეხბურთელებში ჩადო ინვესტიცია — ჯერ ფიგუ, შემდეგ ზიდანი, მე და ბექჰემი. ოთხი გალაქტიკო. მან შეცვალა ის, თუ როგორ ხედავენ ადამიანები ფეხბურთს. ეს იყო ფეხბურთის ინდუსტრიის ყველაზე დიდი გარდატეხა. დღევანდელი ფეხბურთი სწორედ ფლორენტინო პერესის წყალობით არსებობს. ის ჩემთვის მამასავითაა და ძალიან ახლო მეგობრობა გვაკავშირებს.“

შეგახსენებთ, რომ რონალდო ნაზარიო სამეფო კლუბში 2002/2007 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 177 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 104 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები