საგოლე პასთან ახლოს იყო - ჩაკვეს კარგი მატჩი და მოგება ლესტერთან
ჩემპიონშიფის 23-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ლესტერს“ ესტუმრა, 2:1 გაიმარჯვა და წაუგებელი სერია 5 მატჩამდე გაზარდა (3 მოგება და 2 ფრე).
წინა ტურის მსგავსად, ქართველი ფეხბურთელი ამჯერადაც „კრაზანების“ ძირითად შემადგენლობაში იყო - ხავი გრასიამ ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალა. პირველ ტაიმში ჩაკვეს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა, ერთ-ერთის შემდეგ კი მის თანაგუნდელს გოლიც უნდა გაეტანა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
Sofascore-მა ჩაკვეს თამაში 6,5 ქულით შეაფასა, ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 79 შეხება ბურთთან, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 62-დან 48 ზუსტი პასი (77%), 2 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 ჩაჭრა, 6-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, „მელიები“ მეშვიდე წუთზე ჯორდან ჯეიმსმა დააწინაურა, პირველი ტაიმის ბოლოს კი წონასწორობა ოთმან მაამამ აღადგინა. მეორე ტაიმში კი გამარჯვების გოლი თავით მეტიუ პოლოკმა გაიტანა.
23 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 35 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე ადგილზეა. მომდევნო ტურში ჩაკვეტაძის გუნდი 29 დეკემბერს „ნორვიჩს“ ესტუმრება.