მეორე კლუბი იტალიიდან | მოქმედი ჩემპიონი წიტაიშვილს აკვირდება
გიორგი წიტაიშვილით კიდევ ერთი იტალიური კლუბი დაინტერესდა. აქამდე ქართველი ფეხბურთელი „ლიონს“, „ლილს“, „ვილიარეალსა“ და „ლაციოს“ დაუკავშირეს, ახლა კი „ნაპოლის“ ვარიანტიც გაჟღერდა.
CaughtOffside-ის ინფორმაციით, „პარტენოპეის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ორ ფეხბურთელს აკვირდება. ერთი „ჰაიდუკის“ ცენტრალური მცველია — ბრანიმირ მლაჩიჩი, მეორე კი გიორგი წიტაიშვილი. „ნაპოლის“ ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს და კლუბებს შორის კონტაქტი ჯერ არ შემდგარა.
წიტაიშვილი „მეცში“ იჯარის წესით ასპარეზობს და „დინამო კიევის“ საკუთრებაა. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.
Foot Mercato-ს ცნობით, „ვილიარეალში“ გადასული გიორგი მიქაუტაძე თავისი თანამემამულისთვის ერთგვარი „აგენტის“ როლს ასრულებს და „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ წიტაიშვილის შეძენას ურჩევს. „წიტას“ იჯარის ვადა სეზონის ბოლოს იწურება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.