„დიდი მატჩების მოთამაშე!“ - Le Parisien-ის და LEquipe-ის შეფასება
გუშინ, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში, „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა, რითაც 2025 წელს მე-6 ტიტული მოიპოვა.
შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პარიზელებმა მეტოქეს 2:1 აჯობეს.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახდა. ქართველმა შემტევმა 38-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა. ლუის ენრიკემ კვარა პირველი დამატებითი ტაიმის დაწყებამდე შეცვალა.
ხვიჩას სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 48 შეხება, 30-დან 25 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 ზუსტი ჩაწოდება, 2-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, კარისკენ 2 დარტყმა (1 ზუსტი, 1 არაზუსტი), 1 გოლი, 2 დაბრუნებული ბურთი, 11 პოზიციური დუელიდან 7 მოიგო, მეტოქე 4-ჯერ დააჯარიმა, 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი. Sofascore-ზე მისი თამაში 7.9 ქულით შეფასდა და მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ნუნუ მენდეშმა და მატვეი საფონოვმა აიღეს — ორივეს 8.5 ქულა.
ხვიჩას გოლი და მომენტები ფლამენგოსთან:
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის თამაში საფრანგეთის ორმა წამყვანმა გამოცემამ, L’Equipe-მა და Le Parisien-მა შეაფასა.
L’Equipe – 6 ქულა: „ამ გამოსვლით მას დიდი მატჩების მოთამაშის სტატუსი არ შეერყევა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს მთელი შეხვედრის განმავლობაში სტაბილური თამაში არ უჩვენებია, სწორედ ის იყო მოთამაშე, რომელმაც მატჩს სიმწვავე შემატა. მისი გოლი მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს იმას, რაც მოედანზე ვნახეთ. მან თავი გამოიჩინა დროული პასებით (ნევეშის ორივე დარტყმისას, 51-ე და 73-ე წუთებზე), ბურთით შექმნილი მომენტებითა და დაცვაში მუდმივი მუშაობით.“
Le Parisien – 6 ქულა: „ქართველი შემტევი მონდომებული იყო და მუდმივად ცდილობდა სიმწვავის შექმნას, თუმცა რეალური გარდატეხის შეტანა ყოველთვის არ გამოსდიოდა. საბოლოოდ, მან თავისი ძალისხმევისთვის ჯილდო მიიღო და ანგარიში გახსნა (38-ე წუთი). დოჰაში მან სეზონის მე-6 გოლი გაიტანა, სადაც თავი სწრაფი რეაგირებითა და მომენტის სათავისოდ გამოყენების უნარით გამოიჩინა.“

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის თასზე, 20 დეკემბერს, სტუმრად „ფონტენის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:50 საათზე დაიწყება.