ბევრი ბრძოლა და ნაკლები სანახაობა - პსჟ ბილბაოში ქულას დასჯერდა
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში პსჟ „ბილბაოს“ ესტუმრა და ფრედ 0:0 ითამაშა.
მატჩი ფიზიკური ორთაბრძოლებით გამოირჩეოდა და ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა. გუნდები მოედანზე ნაკლებ სივრცეს ტოვებდნენ. გამარჯვების უკეთესი შანსი პარიზელებს ჰქონდათ, თუმცა უნაი სიმონი მოწოდების სიმაღლეზე იყო.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა 90 წუთი ითამაშა. ამჯერად განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია. ძირითადად 2-3 მეტოქის წინააღმდეგ უწევდა თამაში და კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა, თუმცა საკმაოდ სახიფათოდ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი შვიდიანი მონაცვლეობით ორივე ფლანგზე მოქმედებდა. რამდენიმე აქტიური მომენტი ჰქონდა, რომელიც ჩვენს მიმოხილვაში მოხვდა.
6 ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს 13 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მოწინავე რვა გუნდს შორის მოსახვედრად ბრძოლა გრძელდება.
ლიგის ფაზის დასკვნით ორ ტურში პარიზელები ლისაბონში „სპორტინგს“ დაუპირისპირდებიან, ბოლოს კი შინ „ნიუკასლს“ დაუხვდებიან. ორივე შეხვედრა 2026 წლის იანვარში გაიმართება.