„არასწორი დრო და ფორმა შეარჩია“ - ანრიმ სალაჰი გააკრიტიკა
საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ „ლივერპულსა“ და მოჰამედ სალაჰს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ანრის თქმით, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კლუბის ცუდი შედეგების ფონზე საკუთარი პრობლემების შესახებ საჯაროდ ისაუბრა.
„არავინ საუბრობს იმაზე, თუ რას მიაღწია მოჰამედ სალაჰმა. ახლა ვსაუბრობთ მის კონკრეტულ შეცდომაზე. არ შეიძლება პირად პრობლემებზე საუბარი მაშინ, როცა შენს გუნდს პრობლემები აქვს. ამ თემაზე შეგიძლია ისაუბრო გასახდელში და ასე მეც მოვქცეულვარ. შევედი გასახდელში და ყველაფერი დავლეწე, შემდეგ შევედი მწვრთნელის ოთახში და უკმაყოფილება გამოვხატე.
როდესაც „ბარსელონაში“ ვთამაშობდი, გუნდს გასვლით მატჩზე გავყევი, თუმცა განაცხადში არ შემიყვანეს და ტრიბუნაზე დამსვეს. გსმენიათ, ამაზე საჯაროდ როგორ ვსაუბრობ? არა. მანამდე ტრებლი მოვიგეთ, მაგრამ ცუდად ვთამაშობდი, ხოლო როდესაც ცუდად თამაშობ, კარგ შანსს უქმნი სხვა ფეხბურთელს.
ჩავედით თამაშზე და ტრიბუნაზე გამიშვეს. უნდა მეყვირა, საკუთარ თავზე გამეკეთებინა აქცენტი და პრესასთან მესაუბრა? კარიერაში ბევრ რამეს მივაღწიე, მაგრამ გუნდის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებდი. მე პეპ გუარდიოლას ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ ეს საჯაროდ არ გამიკეთებია.
შენი გუნდი ყოველთვის, ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვა. მესმის, რომ სალაჰს სათქმელი დაუგროვდა და იმედგაცრუებული იყო, მაგრამ არ მესმის, რატომ შეარჩია ასეთი დრო და ფორმა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობებზე, ერთადერთი რამ, რაც მწვრთნელს ფეხბურთელისგან სურს, ეს მისი კარგი თამაშია. თუ კარგად ვერ თამაშობ, შენი ადგილი სხვამ შეიძლება დაიკავოს, განსაკუთრებით ისეთ დიდ კლუბში, როგორიც „ლივერპულია“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი მწვავედ გააკრიტიკა, ამის მიზეზი კი ნიდერლანდელის გადაწყვეტილება გახდა, რის მიხედვითაც ეგვიპტელი შემტევი ზედიზედ სამი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დასვა. ამ განცხადების გამო, სლოტმა მოჰამედ სალაჰი ინტერთან მატჩის განაცხადში საერთოდ არ შეიყვანა.
მოსალოდნელია, რომ 33 წლის ფეხბურთელი აფრიკის თასის შემდეგ „ლივერპულში“ აღარ დაბრუნდება - „კლუბისთვის იმდენი რამ გავაკეთე, ისინი კი ავტობუსის ქვეშ მაგდებენ. აფრიკის თასის წინ გულშემატკივრებს დავემშვიდობები, შემდეგ კი არ ვიცი, რა იქნება“, - განაცხადა სალაჰმა.