პეპი: “ბერნაბეუ რამის დასამტკიცებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა“
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩის წინ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გუარდიოლა:
„ჩვენ ახლა ჯგუფურ ეტაპზე ვართ. საკმაოდ დიდი სხვაობაა აქ თამაშსა და მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში თამაშს შორის. გასულ სეზონში ორივე გუნდს პრობლემები გვქონდა, მაგრამ ორი კარგი მატჩი ვიხილეთ.
ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, რომლებიც ბერნაბეუზე პირველად ითამაშებენ. მათთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იქნება. დე ბრუინმა, გიუნდოგანმა, უოკერმა და სტოუნსმა აქ ისტორია დაწერეს. ახლა ახალგაზრდებს შესანიშნავი შანსი აქვთ.
ვფიქრობ, მადრიდის რეალთან სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში საკუთარი თავის წარმოჩენის და რამის დამტკიცების შესანიშნავი შანსია.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი ლა ლიგის გასულ ტურში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე სელტასთან 0:2 დამარცხდა.
ამის შემდეგ, სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ჩაბი ალონსოსთვის მანჩსტერ სიტისთან დაპირისპირება გადამწყვეტია. ვერ მოგების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით ბლანკოსი ჩაბის დაემშვიდობება. მის შემცვლელად ზინედინ ზიდანი და იურგენ კლოპი მოიაზრებიან.