თავდასხმა ბაზაზე - ნიცას ფანებმა ფეხბურთელებს სცემეს და აფურთხებდნენ
„ნიცას“ გულშემატკივრები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებს სცემეს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot Mercato იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგების ფონზე 400-მდე გულშემატკივარი კლუბის ბაზასთან შეიკრიბა და ფეხბურთელებთან გასაუბრება მოითხოვა. დაცვის თანამშრომლებმა ერთ გულშემატკივარს ავტობუსში ასვლის ნებართვა მისცეს - ის კი ფეხბურთელებს დაემუქრა და ავტობუსიდან ჩამოსვლა აიძულა.
ჯერ გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის გადადგომა მოითხოვეს, შემდეგ კი ფეხბურთელების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ყველაზე მეტად დაზარალდა ორი ფეხბურთელი - ტერემ მოფი და ჟერემი ბოგა. ათობით გულშემატკივარი მათ წიხლებს ურტყამდა და აფურთხებდა. ნიგერიელი და კოტდივუარელი ფეხბურთელების მიმართ რასისტული შინაარსის შეძახილებიც ისმოდა.
მომხდარის შემდეგ „ნიცას“ გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოფიმ და ბოგამ კლუბის მაისური ვეღარ მოირგონ.
„ნიცა“ უკვე გამოეხმაურა ბაზაზე მომხდარ ინციდენტს - კლუბში აცხადებენ, რომ ესმით ცუდი შედეგებით გამოწვეული უკმაყოფილების, მაგრამ ასეთ ინციდენტებს დაუშვებლად მიიჩნევენ და დაზარალებულ ფეხბურთელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
ცნობისთვის, ბოლო 7 მატჩში „ნიცას“ 7 წაგება აქვს - 2 ევროპა ლიგაზე, 5 კი ლიგა 1-ში. გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეათე ადგილზეა, ევროპა ლიგაზე კი 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.