არ გაბრაზებულა, ძალიან გაუკვირდა - ლევანდოვსკის ხორცი და თევზი არ დაახვედრეს
ცოტა ხნის წინ რობერტ ლევანდოვსკიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელიც მკითხველებს შორის უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. წიგნის ავტორია ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი სებასტიან სტაშევსკი, რომელმაც ერთ-ერთ გამოცემასთან გაამხილა ის საინტერესო და სახალისო დეტალები, რომელიც 37 წლის პოლონელის ავტობიოგრაფიაში ვერ მოხვდა:
„2022 წელს, როდესაც რობერტი „ბარსელონაში“ გადავიდა და ფლორიდაში წინასასეზონო შეკრებაზე ჩავიდა, გაკვირვებული დარჩა, რადგან მენიუში ხორცი და თევზი არ იყო. ამის თაობაზე შეკითხვის დასმის შემდეგ კი, პასუხად მიიღო, რომ ფულის ეკონომიას აკეთებდნენ. არ აღშფოთებულა, უბრალოდ გაკვირვებული დარჩა, რადგან კვების რაციონის შედგენის დროს ეროვნულ ნაკრებშიც უზომოდ მომთხოვნია და ამ დეტალს მუდამ უდიდეს ყურადღებას აქცევს.
ლევანდოვსკი საკმაოდ პრეტენზიული, მაგრამ ამავდროულად მორიდებული ადამიანია. თუ რამე არ მოეწონება, ამის შესახებ პირადად იმ პიროვნებას ეტყვის და საჯაროდ ყვირილისგან მუდამ თავს იკავებს. მახსოვს ერთხელ სუპის დამზადების დროს ინგრედიენტების ხარისხი არ მოეწონა და მზარეულს შენიშვნა ისე არ მისცა, რომ არც ფეხბურთელებს და არც კლუბის ხელმძღვანელებს არ გაეგო არაფერი.
რობერტი მაშინ კლუბის მდგომარეობაში თავიდან ბოლომდე შევიდა და არამხოლოდ საკვების რაოდენობაზე არ ამოუღია ხმა, არამედ ხელფასის შემცირებაზეც დათანხმდა. ახლა როგორც გავიგე მსგავსი პრობლემები დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან „ბარსელონამ“ ფინანსური კრიზისი უკან საბოლოოდ მოიტოვა“.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გახანგრძლივების თაობაზე ჯერჯერობით მხარეებს მოლაპარაკებები არ დაუწყიათ, რაც იმის მანიშნებელია, რომ პოლონელი სულ მალე „ბლაუგრანას“ დატოვებს.