დიეგო მარადონაზე მულტსერიალს გადაიღებენ
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ცხოვრებასა და კარიერაზე ანიმაციურ სერიალს გადაიღებენ.
როგორც Variety წერს, ანიმაციური შოუს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ინდურმა კომპანია Reliance Animation-მა შეიძინა.
მულტსერიალი დიეგოს გზის მიეძღვნება და მოყვება ამბავს ფეხბურთელის ყველაზე ადრეული წლებიდან მის მსოფლიო დიდებამდე. ასევე შეეხება მარადონას კარიერის საკვანძო მომენტებს, მის პირად პრობლემებსა და კულტურულ გავლენას.
შეგახსენებთ, რომ მარადონა 2020 წლის ნოემბერში, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ექსფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე არგენტინაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურის წარმომადგენლები 7 ექიმს, რომლებიც ლეგენდარულ ფეხბურთელს მკურნალობდნენ და შემდეგ სახლში გაწერეს, დაუდევრობაში ადანაშაულებენ.