შეტევაში აქტიური იყო | გოჩოლეიშვილის ჰამბურგი აუგსბურგთან დამარცხდა
ბუნდესლიგის მე-11 ტურში სანდრო ვაგნერის გაწვრთნილმა „აუგსბურგმა'' შინ „ჰამბურგი'' 1:0 დაამარცხა.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მერლინ პოლცინმა გიორგი გოჩოლეიშვილი კვლავ სასტარტო 11-ში დააყენა, ტრადიციულად მარჯვენა „ვინგბექის’’ პოზიციაზე ათამაშა.
24 წლის ქართველმა ტაიმის მიწურულს შეტევა ორჯერ გაამწვავა, ჯერ საჯარიმოში ნიკოლაი რემბერგს კარგი პასი გაუკეთა, დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, შემდეგ კი ბურთი ჟან-ლუიკ დომპესთან გაითამაშა, კარისკენ მახვილი კუთხიდან დაარტყა, ოდნავ ააცილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დასარტმელ პოზიციაზე გავიდა, მეკარის გარდა კარში ორი ფეხბურთელი იდგა, ბურთი პირდაპირ მეკარისკენ გაუშვა, თან დარტყმას სიძლიერე აკლდა და მეკარისთვის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. 76-ე წუთზე ანტონ კადემ „აუგსბურგი'' დააწინაურა, გაშვებული გოლის ეპიზოდში შეტევა გოჩოლეიშვილის ფლანგიდან განვითარდა, თუმცა ზოგადად დაცვის ხაზი ჩავარდა, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს ვერ დავაბრალებთ. 81-ე წუთზე „აუგსბურგი'' 10 ფეხბურთელით დარჩა, 82-ე წუთზე გოჩოლეიშვილი შეცვალეს.
„ჰამბურგმა’’ 11 ტურში 9 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა, თუმცა თუ მე-16 ადგილზე მყოფი „ზანქტ პაული'' მიმდინარე ტურში თავის თამაშს ბერლინის „უნიონთან'' მოიგებს, „ჰამბურგს'' 1 ქულით გაასწრებს. მომდევნო ტურში, 30 ნოემბერს „ჰამბურგი'' „შტუტგარტს'' მიიღებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუნდესლიგის სეზონში 11-დან 8 მატჩში ითამაშა, ერთი მატჩი დისკვალიფიკაციის და ორი ტრავმის მიზეზით გამოტოვა. ჩატარებული 8 მატჩიდან 7-ში სასტარტოში იყო, მხოლოდ ერთხელ გამოვიდა ცვლილებაზე, როცა მინდორს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში „შახტარმა'' ერთი სეზონით „ჰამბურგში'' გაანათხოვრა, იჯარა გამოსყიდვის უფლებას მოიცავს. Transfermarkt-ი გოჩოლეიშვილს 3,5 მილიონ ევროდ აფასებს.