მაისურაძის ვერცხლი და ინანეიშვილის ბრინჯაო - ძიუდოისტების ორი მედალი ზაგრებში
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრან პრი 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის დასკვნით დღეს ოქროს მედლის მოპოვების შანსი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძეს ჰქონდა.
ქართველი ძიუდოისტი ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდა დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში, ვაზარით დამარცხდა.
ფინალამდე, მაისურაძე ნახევარფინალში სერბ მილიან რადულის, მეოთხედფინალში ბელგიელი იარნე დაიკი, უფრო ადრე კი ფრანგი ტიზი გნამიე და კამერუნელი კევინ ბუდეინი გამოთიშა ასპარეზობას.
დღესვე, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა +100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ინანეიშვილსაც. 24 წლის ძიუდოისტი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს შეხვდა. ინანეიშვილმა მეტოქე ჯერ ვაზარიზე დააგდო, შემდეგ კი ხელზე ბოჭვა გაუკეთა და საბოლოოდ, სუფთა გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა. ჩვენს დელეგაციას ტურნირზე 9-კაციანი შემადგენლობა ჰყავდა წაყვანილი, თუმცა საპრიზო ადგილზე გასვლა მხოლოდ ორმა მათგანმა შეძლო.
ზაგრების შემდეგ, მორიგი პრესტიჟული ტურნირი ორ კვირაში, აბუ-დაბიში ჩატარდება. გრანდ სლემზე მონაწილეობას „კრისტალბეთის“ ამბასადორი, გიორგი სარდალაშვილიც (-60 კგ.) მიიღებს. ასევე, ტურნირზე იასპარეზებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური (-90 კგ.). მათ გარდა, განაცხადში არიან თემურ ნოზაძე (-66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.), მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ.), დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ.), ჯუმბერ მელაძე (-81 კგ.), ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.)