„შეუძლია ძირითადი მეკარე გახდეს“ | რას წერს This Is Anfield-ი მამარდაშვილზე
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ This Is Anfield-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა და მის მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასა. ავტორი „მამარდას“ ასპარეზობას განიხილავს და საინტერესო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.
„მამარდაშვილის თამაში საყურადღებო იყო არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის, არამედ ლივერპულში დასაქმებული ადამიანებისა და კლუბის გულშემატკივრებისთვისაც. ქართველის მიერ ჩატარებული შვიდი თამაშიდან ლივერპულმა 4 წააგო, 11 გოლი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ ორჯერ შეინახა, თუმცა იმედისმომცემი ნიშნებიც გამოჩნდა — და მეტიც.
ერთი რამ აშკარაა: ლივერპულის ახალ მეკარეს ბურთების მოგერიება საოცრად გამოსდის. ბრენტფორდისა და ასტონ ვილას წინააღმდეგ მან შესანიშნავი სეივები შეასრულა და ერლინგ ჰოლანდს თერთმეტმეტრიანიც აუღო. მამარდაშვილმა აჩვენა, რომ შეუძლია სახიფათო ეპიზოდების განმუხტვა და „სვიპერ-ქიპერის“ ფუნქციის შეთავსებაც, რაც ლივერპულის მსგავსი გუნდისთვის, რომელიც მაღალი დაცვის ხაზით თამაშობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
FBref-ის მიხედვით, მამარდაშვილი პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს საჯარიმო მოედნის გარეთ შესრულებული დაცვითი მოქმედებებით (საშუალოდ 1.8 — 90 წუთში) და მეხუთეა იმ დისტანციით, სადაც კარიდან დაცვითი მოქმედება შეასრულა (15.3 მეტრი).
ფეხით თამაშთან დაკავშირებით მართლაც არსებობდა კითხვის ნიშნები, მაგრამ ბურთის ფლობისას გიორგი თავს კომფორტულად გრძნობს და ეს სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. მისი გადაცემების უმეტესობა მოკლე პასი იყო — საშუალოდ 27.9 მეტრი. ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ ხუთ მეკარეს აქვს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ალისონია. სამაგიეროდ, გრძელი გადაცემების შემთხვევაში მამარდაშვილი სიზუსტით გამოირჩევა.
გიორგი ტოპ ხუთ მეკარეს შორისაა ზუსტი გრძელი პასების პროცენტით (32.2%). მისი პასების შემდეგ მეტოქის კარისკენ დარტყმა სამჯერ განხორციელდა, რაც პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია — მასზე წინ მხოლოდ დავიდ რაია და რობინ როეფსი იმყოფებიან.
ლივერპულის ფეხბურთელებს მამარდაშვილის სათამაშო სტილს უნდა შეეგუონ. ხშირად იყო ეპიზოდები, როცა თანაგუნდელები მას სახიფათო სიტუაციაში აგდებდნენ, რადგან ცაცია მეკარეს პასს მარჯვენა ფეხზე აძლევდნენ. ეს გასაგებია, რადგან ლივერპულს ბოლოს ცაცია მეკარე 2004/05 წელს ჰყავდა — იერჟი დუდეკი.
ამასთან, ლივერპულის მოთამაშეთა უმეტესობა მიჩვეულია მეკარისთვის პასის მარჯვენა ფეხზე გაკეთებას, რადგან ალისონი, კელეჰერი და ადრიანიც კი მემარჯვენეები არიან. ეს ტექნიკური საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ მამარდაშვილმა აჩვენა, რომ შეუძლია ალისონის არყოფნაში მისი საიმედო შემცვლელი იყოს.
ლივერპულში გადასვლამდე მამარდაშვილმა თქვა, რომ კლუბი მას მომავალის მეკარედ განიხილავდა. გიორგისა და ალისონს შორის დიდი განსხვავებაა, რაც სრულიად ბუნებრივია: ბრაზილიელი, შესაძლოა, კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლკიპერიც კი იყოს. ალისონი ცალკე დონეა და 33 წლის ასაკშიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ რჩება.
მამარდაშვილი კი ისეთი მეკარეა, რომელსაც შეუძლია იმავე სისტემაში და მსგავს პოზიციებზე თამაში, თუმცა მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ბურთების მოგერიებაა, მაშინ როცა ალისონი ბევრად მრავალფეროვანი გოლკიპერია და ერთი-ერთზე თამაშშიც გამორჩეულად ძლიერია. როდესაც გუნდს გიორგიზე სრული გადასვლა მოუწევს, სირთულეები იქნება, მაგრამ მამარდაშვილმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია ალისონის წასვლით შექმნილი სიცარიელე შეავსოს და ძირითადი მეკარის სტატუსიც დაიმკვიდროს“, — წერს გამოცემა.
ცნობისთვის, 11 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. მერსისაიდელები ლიდერ „არსენალს“ 8 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 1 ქულა აშორებთ.