კვარაცხელია: სწორედ ამ მიზეზით, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.
როგორც უკვე ცნობილი გახდა, ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩებში ნაკრებს გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან. მთავარმა მწვრთნელმა მათ ნაცვლად არავის გამოძახება არ ჩათვალა საჭიროდ.
მოახლოებული მატჩების შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრეს.
ხვიჩა კვარაცხელია:
„ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.
ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები".
გიორგი გოჩოლეიშვილი:
„ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ისეთი არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ძალიან მოტივირებულები ვართ. ესპანეთთან მატჩის მსგავსად, რთული შეხვედრა გველის ბულგარეთში. მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს და ვეცდებით, რომ თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ".
შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან მატჩი 15 ნოემბერს 21:00-ზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.