პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გვარდიოლამ შესაძლოა სიტი ზაფხულში დატოვოს | Times

პეპ გვარდიოლა 2025/26 წლების სეზონის ბოლოს, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

54 წლის კატალონიელ მწვრთნელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საკუთარ მომავალზე. მისი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდე გათვლილი და პეპი ყოველთვის ასრულებდა შეთანხმებებს. თუმცა, სიტუაციის მცოდნე პირები მიიჩნევენ, რომ მისი წასვლა მომავალ ზაფხულს, როდესაც ის „სიტის“ სათავეში მეათე სეზონს დაასრულებს, გამორიცხული არ არის.

მიიჩნევა, რომ 2026 წლის ზაფხული გვარდიოლას წასვლისთვის შესაფერისი დროა. გუნდის განახლებული შემადგენლობა ჩამოყალიბდა, მწვრთნელმა ყველა ტიტული მოიგო, ხოლო ათი წელი ერთ ადგილას სერიოზული ვადაა, მით უმეტეს, იმ ადამიანისთვის, რომელიც დიდ ბრიტანეთში გადასვლამდე ერთ გუნდში ოთხ წელზე მეტხანს არ მუშაობდა. თუმცა, იგივე ადამიანები ადრეც წინასწარმეტყველებდნენ გვარდიოლას წასვლას, მაგრამ მან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვარდიოლას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ადამიანი, რომელიც ყოველ ჯერზე არწმუნებდა პეპს დარჩენაში, იყო ხალდონ ალ მუბარაქი – მწვრთნელსა და „მანჩესტერ სიტის“ გენერალურ მენეჯერს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

ასევე, კატალონიელი კარგად ეგუება უგო ვიანას, რომელმაც ზაფხულში ჩიკი ბეგირისტაინი სპორტული დირექტორის პოსტზე შეცვალა. პორტუგალიელმა შთაბეჭდილება მოახდინა მწვრთნელზე შრომისმოყვარეობით და იმით, რომ ყოველთვის მზად არის დრო გაატაროს გვარდიოლასთან და მის უახლოეს გარემოცვასთან ერთად საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ისინი ხშირად ერთად სადილობენ ან ყავას სვამენ.

როგორც გამოცემა წერს, გასულმა სეზონმა „სიტის“ მთავარ მწვრთნელს ბევრი ძალა წაართვა, როგორც პროფესიული, ისე პირადი თვალსაზრისით. მომავალ ზაფხულს წავა თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა პეპი საკუთარ თავში მუშაობის გაგრძელების ძალების პოვნას.

„გამორიცხულია, რომ გვარდიოლა კლუბში კიდევ ხუთი-ათი წელი დარჩეს. პეპის წასვლა გარკვეულწილად შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზეც, შეძლებს თუ არა კლუბი მისთვის შესაფერისი მემკვიდრის მოძიებას. ის და მისი სამწვრთნელო შტაბი აცნობიერებენ უზარმაზარ პასუხისმგებლობას კლუბისა და გულშემატკივრების წინაშე. მწვრთნელი მზად არის რჩევა მისცეს ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით, თუ ამას სთხოვენ. მაგალითად, „სიტის“ ყოფილი კაპიტანი ვენსან კომპანი, კლუბის შიგნით დიდ მხარდაჭერას იღებს, თუმცა მან ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2029 წლამდე. რობერტო დე ძერბის („მარსელი“) ასევე ჰყავს თაყვანისმცემლები კლუბში, და თავად გვარდიოლაც აღნიშნავდა „ბრაიტონის“ ყოფილი მწვრთნელის მუშაობას. ასევე, ანდონი ირაოლას მუშაობა „ბორნმუთში“ შეუმჩნეველი არ დარჩენილა. თავდაპირველად პეპი „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შემდეგ, იტალიაში მუშაობას გეგმავდა, მაგრამ სერია A-ის დონემ ბოლო წლებში დაიწია, ამიტომ ახლა უფრო სავარაუდოა, რომ ის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე დაინიშნოს“, - წერს Times-ი.

შეგახსენებთ, რომ პეპი „ქალაქელებს“ 2016 წლიდან წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ქეცბაიას დამსახურებაა“ - კვიპროსული მედია ანორთოსისის წაუგებელ სერიაზე
„ეს ქეცბაიას დამსახურებაა“ - კვიპროსული მედია ანორთოსისის წაუგებელ სერიაზე