„გამამწვავებელ გარემოებებში თაღლითობა“ - ინიესტა და მისი კომპანია პერუში გამოძიების ქვეშ მოხვდნენ
„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა პერუში თაღლითობის საქმის ფარგლებში გამოძიების ფიგურანტი გახდა.
41 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი პერუს პროკურატურის მიერ გამოძიების ქვეშ იმყოფება - ფინანსური მაქინაციების ქსელთან სავარაუდო კავშირის გამო, მისი კომპანია Never Say Never-ისა და მისი სამხრეთ ამერიკული შვილობილი კომპანიის მეშვეობით.
პროკურატურამ აღძრა საქმე ანდრესის წინააღმდეგ „გამამწვავებელ გარემოებებში თაღლითობაში“ მონაწილეობის ბრალდებით, რის შედეგადაც რამდენიმე პერუელმა მეწარმემ 600 000 დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.
კომპანია Gucho Entertainment S. A. C.-მა და სხვა ინვესტორებმა სარჩელი შეიტანეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინიესტას სახელი და იმიჯი გამოიყენებოდა გარანტიის სახით. მიზანი იყო სახსრების მოზიდვა, რომელიც განკუთვნილი იყო პერუში სპორტული და მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზებისთვის, რასაც ახორციელებდა ექს-ფეხბურთელის კომპანია Never Say Never (NSN) და მისი შვილობილი კომპანია. თუმცა, ამ შოუების უმეტესობა არასოდეს შემდგარა, ხოლო ფინანსური სახსრები არ დაბრუნებულა.
2023 წლის აპრილში ინიესტამ შექმნა NSN South America პოლ ვალდერამა რუბიოსა და კარლოს გომეს პინტორთან ერთად. შვილობილი კომპანიის პოპულარიზაციაში თავად ანდრესი მონაწილეობდა. ახლა კი, გამოძიების მონაცემებით, პროექტი მიჩნეულია სავარაუდო თაღლითური ოპერაციის ნაწილად ინვესტიციების მოზიდვის საკითხში. პროკურატურა აღნიშნავს, რომ ინიესტას რეპუტაცია და კავშირები გამოიყენეს ადგილობრივი ბიზნესმენების დასარწმუნებლად, დაეფინანსებინათ რამდენიმე შოუ, რომელიც გამოცხადდა, მაგრამ არ განხორციელდა.
NSN-ის მიერ სამხრეთ ამერიკაში პოპულარიზებულ ღონისძიებებს შორის იყო: Upa Upa Fest, ამხანაგური მატჩი „სიენსიანსოს“ (პერუ) და „ელ ნასიონალს“ (ეკვადორი) შორის, K-Pop Music Fest და პერუსა და ესპანეთის ნაკრებების ლეგენდების მატჩი. ყველა მათგანიდან მხოლოდ Upa Upa Fest მოეწყო, თუმცა ცუდი ეკონომიკური შედეგებით – ზარალმა გამოიწვია დანარჩენი ღონისძიებების გაუქმება და პროექტის ჩავარდნა.
2024 წლის ივნისში NSN South America გაკოტრებულად გამოცხადდა და ლიკვიდაციის პროცესში შევიდა, როგორც ეს საგადასახადო ორგანოებმა განაცხადეს.
ივან პეტროცი ამტკიცებს, რომ 35 000 დოლარი ჩადო „ბარსელონასა“ და „სპორტინგ კრისტალის“ (პერუ) შორის მაიამიში ამხანაგური მატჩის ორგანიზებაში. სხვა ინვესტორებმა, ხუან მანუელ ვარგას ალვამ და ხორხე ალბერტო იანიეს ჯაილსმა, ასევე ჩადეს 15 000 და 14 850 დოლარი შესაბამისად იმავე ღონისძიებაში, მაგრამ არ მიუღიათ არც პასუხი და არც შედეგი.
პერუს პროკურატურა აღნიშნავს, რომ NSN South America-ს არასოდეს გამოუქვეყნებია ანგარიშები ბიუჯეტთან დაკავშირებით. გამოძიება მიუთითებს პროექტზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან გამჭვირვალობის სისტემატურ ნაკლებობაზე და პირდაპირ მიუთითებს ინიესტას დედა კომპანიაზე, როგორც სქემის ნაწილზე. დღეისათვის საქმის არც ერთ ფიგურანტს არანაირი ჩვენება არ მიუცია.