716 გამარჯვება 1000 მატჩში - გუარდიოლას საოცარი სტატისტიკა
გუშინ პეპ გუარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში საიუბილეო, მე-1000 შეხვედრა ჩაატარა. 54 წლის ესპანელ სპეციალისტს ღირსშესანიშნავი თარიღი შეგირდებმა „ლივერპულთან“ (3:0) მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით, „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტებმა კი მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული საინტერესო და მრავლისმომცველი ფაქტებით მიულოცეს.
1000 შეხვედრაში პეპის მომზადებულმა კლუბებმა 716 გამარჯვება მოიპოვეს, რაც 71,6 პროცენტის შეადგენს და თავისთავად საოცარი მაჩვენებელია. ყველა კარგად რომ მიხვდეს, როგორ გენიოსთან აქვს საქმე, გეტყვით, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერაში 2155 მატჩიდან მხოლოდ 58,1 პროცენტი მოიგო, ჟოზე მოურინიომ - 61,6, ხოლო კარლო ანჩელოტიმ - 59,8. რაც შეეხება ამ მხრივ ოცდამეერთე საუკუნის სხვა გამორჩეულ სპეციალისტებს, დამატებით ანტონიო კონტესა (58,2 %) და ლუის ენრიკეს (61,3 %) ხსენება შეიძლება.
გუარდიოლას გუნდებმა 1000 მატჩში 2445 გოლი გაიტანეს, რაც თამაშში საშუალოდ 2,5 ბურთს უდრის, მხოლოდ „სიტიმ“ კი კატალონიელის ხელმძღვანელობით 550 შეხვედრაში 1332 გოლი გაიტანა. მისმა მომზადებულმა კლუბებმა 813 გოლი გაუშვეს და გატანილი და მიღებული ბურთების შეფარდება +1632-ია.
ცნობისათვის, პეპ გუარდიოლამ მწვრთნელის ამპლუაში კარიერაში 9:0 ორჯერ, „ბარსელონაში“ მუშაობისას „ჰოსპიტალეტთან“, „სიტიში“ ყოფნის დროს კი „ბარტონთან“ გაიმარჯვა. ასევე მის კარიერაში ხუთჯერ - 8:0 და შვიდჯერ - 7:0 გამარჯვებაა.