რეკორდი ევროლიგაში 34 წლის ასაკში - შენგელიას ვერ აჩერებენ
თორნიკე შენგელიამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გუშინ, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩაატარა. ადგილობრივ „პარტიზანთან“ (76:78) მოგებულ მატჩში „ბარსელონას“ 35 წლის ქართველი კალათბურთელი 24 ქულით, 5 მოხსნით, 5 ასისტითა და 4 ჩაჭრით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი სხვა ფაქტია - თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 42 შეადგინა, რითაც ამ მაჩვენებლით ევროლიგაში 13-წლიანი ასპარეზობის მანძილზე პირადი რეკორდი დაამყარა.
მთავარ ევროპულ საკალათბურთო ტურნირზე შენგელიას კატალონიურ გრანდში გადაბარგებამდე სამ კლუბში, „ბასკონიაში“, ცსკა-სა და „ვირტუსში“ ჰქონდა ნათამაშები, თუმცა მისი სარგებლიანობის კოეფიციენტის მაქსიმუმი 40 იყო. რაც შეეხება დაგროვებულ ქულებს, ამ მხრივ თორნიკეს პირადი რეკორდი 39 ქულაა, რომელსაც მან თავი ბოლონიურ გუნდში ასპარეზობისას, 2025 წლის იანვარში „ფენერბაჰჩესთან“ მოუყარა.
ევროლიგის მომდევნო ტურში, 7 ნოემბერს, „ბარსელონას“ „რეალთან“ „ელ კლასიკო“ ელოდება და ბუნებრივია, ძალიან სასიხარულოა, რომ შენგელია მისი გუნდისთვის პრინციპულ მატჩს ასეთ მშვენიერ ფორმაში ხვდება.