„დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ“ | უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეზე
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და დიდხნიანი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას გეგმავს, რაზეც გრასიამ კომენტარი გააკეთა.
„გიორგი ტრავმისგან გვიბრუნდება. საჭიროა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესს ყურადღება მივაქციოთ და ვიპოვოთ, საუკეთესო დრო, რათა გუნდს შეუერთდეს.“
ცნობისთვის, ჩაკვეტაძეს 2025 წლის 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ჩემპიონშიფის გასულ სეზონში, „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. „ჩაკვე“ 31-ე წუთზე შეცვალეს და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
ჩემპიონშიფის 12 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას 1-ელ ნოემბერს გამართავენ და საკუთარ კედლებში მეორეადგილოსან „მიდლსბროს“ მიიღებენ. არის შანსი, „ჩაკვემ“ ამ შეხვედრაში მიიღოს სათამაშო დრო.