14 წუთი და 5 ქულა ფილადელფიას წინააღმდეგ | ბითაძის ორლანდომ ზედიზედ მესამედ წააგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. „ჩიკაგო ბულსისა“ და „ატლანტა ჰოუქსის“ შემდეგ ფლორიდელები „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდნენ და სტუმრად გამართულ მატჩში 124:136 დამარცხდნენ.
ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 14 წუთი და 3 წამი გაატარა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძემ ბურთი ორჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.
„ორლანდოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 32 ქულა პაოლო ბანკერომ მიითვალა. დესმონდ ბეინმა 24 ქულა დააგროვა, ხოლო ფრანც ვაგნერის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი იყო. „მეჯიქმა“ ვერაფერი დაუპირისპირა ტაირიზ მაქსის, რომელმაც 43 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ვიჯეი ეჯკომბს 26 ქულა და 7 ასისტი ჰქონდა, ხოლო კელი უბრე ჯუნიორმა 25 ქულა მიითვალა.
ბითაძის „ორლანდოს“ 1 მოგება და 3 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამართავს და მატჩს 30 ოქტომბერს ვიხილავთ.