“ტაქტიკას არ შევცვლი“ - ალონსო იუვენტუსთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში მადრიდის რეალი ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ალონსო:
„2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კარგად მახსოვს. ის რეალი საოცარი იყო და ყველას ანადგურებდა. იუვენტუსსაც კარგი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა იმ რეალის დამარცხება შეუძლებელი იყო. საფრთხე ტურინელებისგან? მათ კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.
მასტანტუონო გაუმჯობესებას აგრძელებს. სხვა სტილის ფეხბურთიდან და ტრადიციებიდან მოდის. ყველაფრისთვის დროა საჭირო. კამავინგას თვისებები უნდა გამოვიყენოთ. მისი სახით საკმაოდ მრავალმხრივი ფეხბურთელი გვყავს. კურტუა საოცარი და ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. კასილასს და მას ვერ შევადარებ. იკერმა საოცარი ეპოქა შექმნა.
მბაპეს უდიდესი სათამაშო ინტელექტი აქვს. ის მხოლოდ გოლებით არ გვეხმარება. კილიანი თამაშს იდეალურად კითხულობს, საოცარი სისწრაფე აქვს და თანაგუნდელებს ყველაფერში ეხმარება. იუვენტუსთან ტაქტიკა არ შეიცვლება. ტრენტი და კარვახალი ხვალ არ იქნებიან, თუმცა ელ კლასიკოში ორივეს ველი.“
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს უკანასკნელად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შეხვდნენ და სამეფო კლუბმა 1:0 მოიგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 22 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.