„პერეირასთან მისი შანსი ნულის ტოლია“ - დუ პლესი ჩიმაევის სურვილზე
ალექს პერეირას მიერ მაგომედ ანკალაევის რემატჩში დამარცხებისა და ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტულის დაბრუნების შემდეგ, ბრაზილიელის მომავლის შესახებ ბევრი იწერება. თავად „პო ატანმა“ მძიმე წონაში გადასვლისა და თეთრი სახლის ღონისძიებაზე ლეგენდარულ ჯონ ჯონსთან დაპირისპირების სურვილი საჯაროდ გამოთქვა, თუმცა UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა აღნიშნა, რომ ალექსს ჯერჯერობით თავის წონაში კიდევ რაღაცეები აქვს დასამტკიცებელი, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ბრაზილიელის სურვილებს ჯერჯერობით ასრულება არ უწერია.
სამაგიეროდ, პერეირასთან დაპირისპირების სურვილს დაუფარავად გამოთქვამს ხამზატ ჩიმაევი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემპიონი საშუალო წონით კატეგორიაში გახდა. ამასთან დაკავშირებით კი, საკუთარი მოსაზრება იმ დრიკუს დუ პლესიმ გამოთქვა, რომელიც ჩეჩენმა მებრძოლმა უშანსოდ დაამარცხა. ალბათ არავის გაუკვირდება, თუ გეტყვით, რომ სამხრეთ აფრიკელმა ექს-ჩემპიონმა პერეირასთან ბრძოლაში ჩიმაევის შანსები ნულს გაუტოლა.
დრიკუს დუ პლესი
ჩიმაევმა პერეირა გამოიწვია? არ გამკვირვებია, რადგან ხამზატი სისულელეებს ხშირად აკეთებს. მისი შანსები „პო ატანის“ წინააღმდეგ ნულის ტოლი იქნება. პერეირა UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და გარდა ამისა, ფიზიკურად უზომოდ ძლიერია. მან ქვემძიმე წონაში საშუალოდან აინაცვლა და მიუხედავად ამისა, ოქტაგონში შესული გაბარიტებით მაგომედ ანკალაევს აღემატებოდა. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ყურადღების მისაქცევად კარგად დადგმული სპექტაკლია და ჩიმაევი-პერეირას ორთაბრძოლა არასოდეს შედგება.
შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირა ქვემძიმე წონაში გადასვლამდე სწორედ საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყო, სადაც ისეთ მეტოქეებს აჯობა, როგორებიც ისრაელ ადესანია და შონ სტრიკლენდი არიან.