კლუბში 90 წუთი ვითამაშე | გოგლიჩიძე ესპანეთთან თამაშისთვის მზადაა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 23-მმა ფეხბურთელმა მიიღო, გუნთან ერთად საბა ლობჟანიძესა და გიორგი გულიაშვილს არ უვარჯიშიათ, ნაკრებს დღეს შეუერთდნენ.
ნაკრებთან ერთადაა საბა გოგლიჩიძე, რომელიც ნაკრების პრესსამსახურს ესაუბრა.
საბა გოგლიჩიძე: "რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასი პროცენტით მობილიზებულები გავალთ სტადიონზე. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. სანაკრებო პაუზის წინ, კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, რომ დავეხმარო გუნდს".
საბა „უდინეზეს'' გასულ ზაფხულში შეუერთდა, სასტარტოში პირველად გასულ ტურში „კალიარისთან'' მოხვდა, ძალიან კარგად ითამაშა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მოსალოდნელია, რომ კოსტა რუნიაიჩი მას სათამაშო დროს რეგულარულად მისცემს.
რაც შეეხება სანაკრებო პაუზას, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ორ გასვლით მატჩს ჩაატარებს, 11 ოქტომბერს ესპანეთთან და 14 ოქტომბერს თურქეთთან.