კვარას და ბარკოლას იმედად? რა მდგომარეობაა პსჟ-ში ბარსასთან მატჩამდე
ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი პსჟ-ს რთულ მდგომარეობაზე წერს. ლუის ენრიკეს გუნდი დღეს ლიგა 1-ში „ოსერს“ (23:05) უმასპინძლებს. ოთხშაბათს კი „ბარსელონას“ ესტუმრება.
პარიზელები დიდი დანაკლისით არიან. Le Parisien-ი წერს თუ როგორ შემადგენლობას უნდა ველოდოთ უახლოეს ორ შეხვედრაში ლუის ენრიკეს მხრიდან.
„პარკ დე პრენსზე ამ შაბათს გასამართი მატჩისთვის, პარიზელებს შეუძლიათ ბარკოლას დაბრუნების იმედი ჰქონდეთ. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ფლანგს სავარაუდოდ კვარაცხელია დაიკავებს, ეს გარანტიას იძლევა, რომ გუნდს გარკვეული ეფექტურობა ექნება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ფეხბურთელი იქნება გამოყენებული „ცრუ 9"-ის როლში.
არის სხვა ვარიანტებიც. სენი მაიულუმ ატალანტასთან საკმაოდ კარგად ითამაშა. არ არის გამორიცხული, რომ ეს როლი კანგ-ინ ლის ერგოს, თუნდაც კორეელი ამ პოზიციაზე არასოდეს ყოფილა ძალიან დამაჯერებელი.
პსჟ-ს სავრაუდო სასტარტო შემადგენლობა ასეთია: შევალიე, ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, ლი, კვარაცხელია.
ეს ბარსელონასთან გასამართი მატჩის გენერალური რეპეტიცია იქნება. ენრიკეს გუნდს 1 ოქტომბერს საკმაოდ რთული გამოცდა ელის”.
შეგახსენებთ, რომ პარიზელებს დღეს ტრავმების გამო დემბელე, დუე, ნევეში და მარკინიოსი დააკლდებათ. მათი ხილვა არც „ბარსელონასთან” არის მოსალოდნელი, თუმცა დუესა და ნევეშს ჩემპიონთა ლიგის მატჩში თამაშის მცირე შანსი ჯერ კიდევ აქვთ.