რეალი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთმა პრესტიჟი დაკარგა | Marca
მადრიდის „რეალში“ მიიჩნევენ, რომ „ოქროს ბურთი“ ნაკლებად პრესტიჟული გახდა. ამის შესახებ Marca წერს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამეფო გუნდის დელეგაცია დაჯილდოების ცერემონიას წელსაც გამოტოვებს. ესპანური კლუბი პრიზის ბოიკოტირებას მას შემდეგ განაგრძობს, რაც შარშან „ოქროს ბურთი“ ვინისიუს ჟუნიორს არ გადაცეს.
„რეალში“ მიაჩნიათ, რომ ბოლო წლების ცვლილებებმა შეამცირა ჯილდოს პრესტიჟი და აქტუალობა. გარდა ამისა, Marca-ს ცნობით, მადრიდელები ჯილდოს სკეპტიკურად უყურებენ, მასში უეფა-ს მონაწილეობის გამო.
ჯილდოზე ნომინირებულ „რეალის“ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს პარიზში ცერემონიაზე ჩასვლა არ ეკრძალებათ, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ღონისძიებას, რომელიც დღეს გაიმართება, კლუბიდან არავინ არ დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, France Football-მა ჯილდოს გადაცემის წესები შეცვალა. კერძოდ, „ოქროს ბურთის“ გადაცემა არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის მიღწევისთვის დაიწყეს.
ასევე შეიცვალა ჟიურიც: ახლა მასში ფიფას რეიტინგის ტოპ-100 ქვეყნიდან თითო ჟურნალისტი შედის. 2024 წლიდან კი უეფა „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა.
გეტყვით ასევე, რომ 2024 წელს „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, როდრი გახდა, საუკეთესო გუნდად კი „რეალი“ დასახელდა.